ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

1241. “აღარ დაბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქუენ ჩემთჳს არენით; შეიყარენით ორნივე, ჩემ ზედა დაიჯარენით; ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით, იმას, გლახ, ჩემი სიკუდილი გულითა სწადდა, არ ენით.

1242. “თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს მითა, შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა; მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა, შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლევდა მერმე ქვითა!

1243. “მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მადლსა გკადრებდე მე რასა რომელმან დამჴსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა! აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა, აღარ ვიშიშვი სიკუდილსა, ჰაჲ ჰაჲ, ჩავიჭერ მე რასა!”

1244. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია: მოყუარე მტერი მოყურისა მტერთაგანც უფრო მტერია; არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია. ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკუდართა ფერია.

1245. “იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაგზავნე შენ ოდეს, რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს”. კულა იტყუის ფატმან ტირილით, კულა თუალთა ცრემლი სდენოდეს: –წაჴდესო შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ფენოდეს!”

ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილს თანა

1246. ვაჲ, საწუთროო, სიმუხთლით თავი სატანას ადარე! შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე; პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე? მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოჴრად ჩანს ყოვლი, სად არე!

1247. ფატმან იტყუის: –“მამეშორვა მზე, მნათობი სრულად ჴმელთა, სიცოცხლე და სულ-დგმულობა, მონაგები ჩემთა ჴელთა; მას უკანით გაუწყუეტლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა, ვერ გავაჴმე წყარო ცრემლთა, თუალთა ჩემთა გადმომღვრელთა.

1248. “სახლნი და შვილნი მამძულდეს, ვჯდი უგულოთა გულითა, მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა; უსენ, გამტეხი ფიცისა, მჩანს ურჯულოთა რჯულითა, ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

1249. დღესა ერთსა, საღამო ჟამს ჩასლვა იყო ოდენ მზისა წავდეგ წინა დარაჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა; ვიგონებდი, სევდა მკულიდა მისისავე გონებისა, ვთქუი: “კრულია ზენაარი ყოვლისავე მამაცისა”.

1250. “მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყუსითა სამითა, მონა მონურად მოსილი, სხუანი მგზავრულად ხამითა; სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა, სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.

1251. “მე უყურებდი, უჭურეტდი; თქუეს: “ამოდ გავიხარენით, მაგრა ჩუენ აქა მოყუასნი უცხონი შევიყარენით, არცა არა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით, ჴამს, ერთმანერთსა ამბავი ჩუენიცა უთხართ ბარ ენით”.

1252. “მათ სხუათა მათი ამბავი თქუეს, ვითა მგზავრთა წესია; მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი, თქუენ ქვრიმი დაგითესია, ჩემი ამბავი ამბავთა თქუენთაგან უკეთესია.

1253. “მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა; მათ მიხუდა ცემა სენისა, მათისა დამამჴობლისა: მოგუიკუდა შემწე ქურივისა, შემწყნარებელი ობლისა, აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.

1254. “დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; მას უსხენ წვრილნი ძმისწულნი: როსან და ერთი როდია, აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ ქუე ზის მორჭმული წოდია.

1255. “გუესმა ამბავი, ზღუათ იქით სიკუდილი დისა მათისა, შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქნეს ხალვათისა, ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, თემთა მნათისა? როშაქ მონაა, თავადი ლაშქრისა ბევრ ათასისა.

1256. “როშაქ ბრძანა: ”მოცავინმკლას, მე ტირილსა არ დავხუდები. მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები, შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები, მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წაცავჰყუები”.

1257. “ გუითხრა მისთა ჴელისათა: “წავალ, თან წამომყევით!” წაგუიტანა მონა ასი, ყუელაკაი მისგან რჩევით. დღისით, მზისით ვიმეკობრით, ღამეთაცა ვიყუით თევით; დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩუენკენ გარდმოვდევით.

1258. “მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩუენ ღამესა დია ბნელსა, დიდნი რამე სინათლენი გამოგუიჩნდეს შუა ველსა; ვთქუით, თუ: მზეა ანუ მთუარე ჩამოჭრილი ზედან ჴმელსა! დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩუენსა მსჯელსა.

1259. “ზოგთა თქუეს : არის ცისკარი; ზოგთა – არის მთუარეო; მას დარაზმულთა მივმართეთ,შემოვადეგით გარეო; შორს მოვუარეთ, მივედით, ახლოსცა ვნახეთ ბარეო! მით ნათლიდაღმა გამოჴდა ჴმა, ჩუენი მოუბარეო.