ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

1028. “ვძებნეთ და კუალი ვერ ვჰპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა. მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა. მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბისა არ დასტურობა, გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.

1029. “იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი. მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი; ვჰპოვე ვარდი მოყუითანე, შუქ მკრთალი და ფერ მიჴდილი, შემიტკბო და შემიყუარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

1030. “ქუაბნი წაუხმან დევთათჳს, სრულად გამესისხლებია; მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხუა არვინ უახლებია; მას მუდამ ძუელი ცეცხლი სწვავს, არ ახალ, არ ახლებია, ვაჲ მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია.

1031. “ქალი მარტო ქუაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი; ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი, მიართვამს და აგრე არჩენს იგი, ერთგან ვერ დამდგომი, მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

1032. “მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა, მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა. რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყუის აწ ენა ესე ხელისა, ჰკლავს სურვილი და ვერ ჭურეტა მისისა დამმარხველისა.

1033. “ვითა მთუარე დაუდგომლად იარების, არ დადგების; მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდაჴდების; არას ნახავს პირ-მეტყუელსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების. ვაჲ მე, მისსა მგონებელსა, ვაჲ მას, ვინცა მისთჳს კუდების!

1034. “მის ყმისა ცეცხლი მედების, დამწვა ცეცხლითა ცხელითა, შემებრალნეს და გავშმაგდი, გავჴე გულითა ჴელითა; მამინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ჴმელითა; შევიქეც, ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.

1035. “დავეთხოვე და გამიწყრეს, მეფე მიეცა ჭმუნვასა. დავჰყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იძახიან მუნ ვასა; გამოვიპარე, დავეჴსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა, აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქ იქით აქათ ბრუნვასა.

1036. “შენი მან მითხრა ამაბავი, მისგან ძმობისა შენისა, აწ მიპოვნიხარ უებრო შენ, საქებელი ენისა; გამომირჩიე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა, მისთა მჭურეტელთა ლხინისა, ვერ მჭურეტთა ამაზრზენისა.”

1037. აწ ფრიდონ იტყუის სიტყუათა მის ყმისა ნაუბარითა; ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა, გულ-ამოსკუნილნი გულითა ტირან ვერ დამთმობარითა, მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა

1038. ლაშქართა შიგან შეიქმნა ჴმა ტირილისა დიდისა, ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა. ფრიდონ ტირს, მოთქუამს ჴმა-მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა: “უნახობა და სიცრუე, ვაჲ, საწურთოსა ფლიდისა!”

1039. ფრიდონ მოსთქვამს: “რა შეგასხათ, ვერ-საქებო, ვერ-სათქმელო! ჴმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამხმელო, მოახლეთა სალხინოო,სიცოცხლეო, სულთა მდგმელო, ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!

1040. “რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მამძულვებია; თუმცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთჳს მამსურვებია; შენ უჩემობა ლხინად გჩანს, მე დია მიმჭირვებია, ოჴერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!”

1041. ფრიდონ თქუა ესე სიტყუანი მოთქმითა შვენიერითა; სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა. ავთანდილ მჭურეტთა აშვენებს ტურფითა აერ-ფერითა, მელნისა ტბათა მიჯარვით ბურავს გიშრისა ჭერითა.

1042. ქალაქს შევიდეს, მუნ დახუდა სრა მოკაზმული სრულითა, საჴელმწიფოთა ყოვლითა გასაგებითა სრულითა; მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყუნეს სრულითა! შეფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ წასრულითა.

1043. შევიდეს და დიდი შექნეს ჯალაბობა, არ ხალვათი: იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი; თჳთ ორნივე ერთგან დასხდეს; ვინცა ვინ თქუას ქება მათი! ბროლ ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.

1044. დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა, უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა, მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ ახალსა, მაგრა მის ყმისა მჭურეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა.

1045. მას დღე სვეს, ჭამეს, გარდაჴდა ნადიმი მსმელთა დასისა. გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა, შესამოსელი შემოსეს დრაჰკნისა ბევრ ათასისა, შეარტყეს წელთა სარტყელი, თქუეს უთქმელია ფასისა.

1046. ყმამან დაყუნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა, ფრიდონს თანა ნადირობად გავიდის და თამაშობდა, სწორად ჰჴოცდა შორს და ახლოს, თუ რას ჴელსა მიაპყროდა, მისი სროლა მშვილდოსანსა ყუელაკასა აწბილობდა.

1047. ქალაქს შვიდეს, ჴმა გაჴდა, მუნ ზათქი იქებოდიან; ქალნი და ყმანი დაჯარვით მისად საჭურეტლად რბოდიან, იგი ნახიან, დაბნდიან, ჭკუათა მიჴდებოდიან ახლოს შეყრის უღირსთა რამცა ქნეს, იჯრებოდიან.