ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

1106. “ვაჭარნი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა, საროსა მგზავსი ნაზარდი და მთუარე დღისა შვიდისა; შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა. მე მიჴმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა”.

1107. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი, მოუკაზმნა ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი. შემოვიდა ღაწვი ვარდი, ბროლ ბალახში, მინა სათი; მისთა მჭურეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა თათი.

1108. ზარი გაჴდა, შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად, იქით აქათ იჯრებოდეს: “უჭურიტოთო ამას რულად!” ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყუნეს სულ წასულად: მათთა ცოლთა მოიძულვეს ქმარნი, დარჩეს გაბასრულად.

1109. ფატმან, ცოლი უსენისა, გაეგება კართა წინა, მხიარულმან უსალამა, სიხარული დაიჩინა; ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა; ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შევითვატყვე, არ ეწყინა.

1110. ფატმან ხათუნ თუალად მარჯვე, არ ყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკუთად კარგი, შავგურემანი, პირმსუქანი, არ პირჴმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყუარული, ღვინის მსმელი; დია ედვა სასალუქო დასაბურავ ჩასაცმელი.

1111. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა. ყმამან უძღუნა ძღუენი ტურფა, მიმღებელთა თქუეს, თუ: “ვარგ-ა”. ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაჰკარგა; სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარგა.

1112. დილასა ლარი ყუელაი უჩვენა, გააჴსნევინა, ტურფანი სეფედ გარდასხნა; ფასიცა დაათულევინა, ვაჭართა უთხრა: “წაიღეთ”! აჰკიდა, გააწევინა, თქუევ ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამაცხადებთ, მე ვინა”.

1113. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა. ზოგჯერ უჴმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყუის ფატმანისსა; ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა მქისსა; ფატმანს ჰკულიდა უმისობა, რამინისი ვითა ვისსა.

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება

1114. სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის: გილიზღებს და შეგიკუეთებს, მიგინდობს და მოგენდობის, მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკუეთს, რაცა დაესობის, მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.

1115. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა, სიყუარული მეტის მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა. დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა, იტყუის: “რა ვქნა, რა მერგების?” აწვიმებდა, ცრემლთა ღურიდა.

1116. “მიღმა უთხრა, ვაჲ თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს! თუ არ ვთქუა, როგორ გავსძლეო ცეცხლი უფრო გამიხშირდეს. ვთქუა და მოვჰკუდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს; მას მკურნალმან როგორ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!”

1117. დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი, მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი, მისთა მსმენელთა გულისა შემძურელი, შემარხეველი, უსტარი შესანახავი, არ-ცუდად დასახეველი:

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა

1118. “ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად, მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად, ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად, მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩნს, დასაქადებლად.

1119. “შენ გტრფიალობენ მჭურეტელნი, შენთჳს საბრალოდ ბნდებიან, ვარდი ხარ, მიკუირს, ბულბულნი რად არ შენზედა კრფებიან! შენი შვენება ყუავილთა აჭნობს, ჩემნიცა ჭნებიან, სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მამესწრებიან.

1120. “ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქუენსა ამისსა თხრობასა, მაგრა რა ვირგო დღე კრულმან, სრულად გავყრივარ თმობასა, გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა, თუ რას მეწევი, მეწიე, თუარა მივჴდილვარ ცნობასა!

1121. “მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მამივიდოდეს, ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გავიდოდეს, მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს; სიცოცხლე ანუ სიკუდილი გარდმიწყდეს, ნეტარძი, ოდეს!”

1122. ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი. ყმამან ასრე წაიკითხა, – და ვინმეა ანუ თჳსი; თქუა: “არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს, ვისსა ვისი, რომე მიმჩანს სამიჯნურო, რათ ვამგზავსო მე მას ისი!”

1123. თქუა: “ყვავი ვარდსა რას აქნევს ანუ რა მისი ფერია! მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია. უმგზავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოჴერია. რა უთქუამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”