ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

1260. “გუითხრა: “ვინ ხართ ცხენოსანნო? თქუენ სახელნი თქუენნი თქუენით: გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით!”. ესე გუესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით, პირმზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თუალით ჩუენით.

1261. უჭურიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა; მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა; ძვირ ძვირად გუეუბნებოდა სიტყუასა რასმე წყნარებსა, კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა.

1262. “კულა ვეუბენით მას მზესა ტკბილ მოუბრითა ენითა. არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა; როშაქ შეატყო ქალობა, გუერდცა წაუდგა ცხენითა, აღარ გაუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ჴელითა ჩუენითა.

1263. “კულა ვჰკითხეთ: “გუითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა, ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?” მან არა გუითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა. რა საბრალოა გავსილი მთუარე, ჩანთქმული გველისა!

1264. “არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი, არა არ გუითხრა, ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი; ქუ ქუშად გუეუბნებოდა, კუშტი, თავისა მკრძალავი, ვითა ასპიტი, მჭურეტელთა მისთა თუალითა მლალავი.

1265. “როშაქ გუიბრძანა: “ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია, ამისი საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია; ბედი მეფისა ჩუენისა არსთაგან სანატრელია, მით უფრო ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკუირველია.

1266. “ესე ღმერთსა მისაგურელად მისად ჩვენთჳს მოუგვრია, მიუტანოთ არმაღანად, დაგუიმადლებს მეტად დია. თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩუენი ამაყია, პირველ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია”.

1267. “მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავეკიდენით; დავბრუნდით, ქაჯეთს მივმართეთ, მას წინა მოვეკიდენით, არცა რა ვჰკადრეთ ჴელდაჴელ, არცა თუ წავეკიდენით; იგი ტირს, ღაწვსა გულ მდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით.

1268. “მე როშაქს ვჰკადრე: “გამიშვი კულა ადრე თქუენი მხლებელი; აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი “. მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი, თანა წავიტან, წაცავალ მე მათი ზედა მსწრებელი”.

1269. “მათ კაცთა დიდად იამა ესე ამბავი მონისა. მე გავიგონე, შერამშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა, მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა, ცოტაი ლხინი მომეცა, მგზავსი დრამისა წონისა.

1270. “მოვიყუანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა, ვჰკითხე: “მითხარ, რას იტყოდი გაგონება მეც მინა? მან იგივე კულა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა, ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულ მობრძავი დამარჩინა.

1271. “მე ორნი შავნი მონანი მყუანან სავსენი გრძნებითა: უჩინოდ წავლენ, წამოვლენ მათითა ჴელოვნებითა; მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქუი, თუ: “ნუ დასდგებითა, მაცნობეთ მისი ამბავი თქუენითა მოქმედებითა”.

1272. “სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა: “მიუგურიაო მეფისად, ზღუას იქით წამავლისადა; ვერვის შეუდგმან საჭურეტლად თუალნი, მართ ვითა მზისადა, ქუე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა.

1273. “როსანს შევრთოთო, დულარდუხტს მეფესა უბრძანებია ჯერთ ქორწილობად არა მცალს, აწ გული ცეცხლ ნადებია; შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია”. ციხეს დაუსუამს, ხადუმი ერთაი უახლებია.

1274. “ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია, მით რომე გზა საჭიროა, მტერნი საომრად მზანია, ქუე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია, დაეყოვნების: წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.

1275. “ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია: ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია, მას კლდესა შუა გუირაბი, ასაძრომელი ჴურელია, მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.

1276. “გუირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ ნასები, ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყუელაკაი ხასები, ქალაქის კართა სამთავე სამათას სამათასები. გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და გლახ, რას ები!”–

1277. ესე ამბავი ავთანდილ პირმზემან, მაგრა ვადამან, რა მოისმინა, იამა, სხუად არა გაუცხადა მან, შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან: “ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმან ღადამან!”

1278. ფატმანს უთხრა: “საყუარელო, კმა ხარ ჩემთჳს სასურველად, მე ამბავი შვენიერი მამისმინე არ პირ ბნელად, მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად, ქაჯი ყუელა უჴორცოა, რამან შექმნა ჴორციელად?

1279. “მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა, მაგრა ქაჯნი უჴორცონი რას აქნევენ, მიკუირს ქალსა?!” ფატმან უთხრა: “მამისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა, არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა.