ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

989. მზესა ეტყუის: “მზეო, გიტყუი თინათინის ღაწვთა დარად, შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქუენ ანათობთ მთად და ბარად; ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭურეტ არ დამცდარად, მაგრა ჩემი რად დააგდეთ გული ცივად, გაუმთბარად?

990. “თუე ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგუამცივნებს, მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს? მაგრა კლდესა არად შესწონს, არაოდეს არ ატკივნებს; წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკუეთს, ანუ გაამსივნებს”.

991. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყუის მზესა: “აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ, სვესა, მე ნუ გამყრი საყუარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!

992. “მოჲ, ზუალო, მამიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა, შემომყარე კაეშნისა ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა, მას უთხარ, თუ: “ნუ გასწირავ, შენია და შენთჳს ტირსა”.

993. “ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, სრულსა, მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა; ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა! მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთჳს წყლულსა?

994. “მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახურითა შენითა, შეცამღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა, მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა, რაგვარ გასრულ ვარ, შენ იცი, გული აღარას ლხენითა.

995. “მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა, ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა; შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა, ვისმე, ჩემებრსა დააგდებ, გაჰჴდი ცნობითა შმაგითა.

996. ჰე ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხუასა: მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა; დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, კალმად გიკუეთ გაწლობილსა ტანსა,წურილსა ვითა თმასა.

997. “მოჲ, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვჭკნები, მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხუდები, ზოგჯერ ვმჭლდები; მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ როგორ ვბნდები, მიდი, უთხარ, ნუ გასწირავს, მისი ვარ და მისთჳს ვკუდები.

998. “აჰა, მმოწმობენ ვარსკულავნი, შვიდნივე მემოწმებიან: მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთჳს ბნდებიან, მთუარე, ასპიროზ, მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან, მას გააგონე, რანიცა ცეცხლნი უშენოდ მდებიან”.

999. აწ გულსა ეტყუის: “ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგჴმობია, რას გარგებს მოკულა თავისა? ეშმა ძმად თურე გძმობია; მეც ვიცი, ჩემსა ხელ ქმნილსა თმად ყორნის ბოლო სთმობია, მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!

1000. “თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, სიცოცხლისა იტყუის თუსა; ნუთუ მამხუდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა”. მიიმღერის ჴმასა ტკბილსა, არ დასწყუეტდის ცრემლთა რუსა, მისსა ჴმასა თანა ჴმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსსა.

1001. რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მჴეცნი მოვიდიან, მისვე ჴმისა სიტკბოსაგან წყლით ქუანიცა გამოსხდიან, ისმენდიან, გაჰკუირდიან, რა ატირდის, ატირდიან; იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლი სდიან.

მისვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას

1002. ყმა მტირალი სამოც-ათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა; შორით ნახა, მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა; მოიცადა, ჰკითხა: “ვინ ხართ, თქუენ ამისსა გნუკევ თქმასა,– ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ჴრმალსა?”

1003. მათ მოაჴსენეს: “ტურფაო სახით და ანაგებითა, გუეუცხოვე და გუეკეთე, მით გეუბნებით ქებითა; აქამდის მზღვარი თურქთაა, მომზღვრე ფრიდონის მზღვრებითა; ჩუენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭურეტით არ დავბნდებითა.

1004. “ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქუეყნისა ჩვენისა, მოყმე მჴნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მამხლტომი ცხენისა; ვნება არავის არ ძალ უც მის მზისა ოდნად მშვენისა, იგია ჩუენი პატრონი, მგზავსი ცით შუქთა მფენისა.”

1005. ყმამან უთხრა: “ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე; მე მეფესა თქუენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე, რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქუს რა სიდიდე?” მენავეთა უწინამძღურეს, არ დააგდეს გზამდის კიდე.

1006. მოაჴსენეს: “ ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი, მუნ დაგხუდების მეფე ჩუენი მშვილდ-ფიცხელი, მახვილ-ჴრმალი; აქადაღმე ათ დღე მიხვალ ნაკუთად სარო, ფერად ლალი; ვაჲ, რად დაგუწვენ, უცხომ უცხო, რად მოგუიდევ ცეცხლებრ ალი?”

1007. ყმამან უთხრა: “მიკუირს, ძმანო, რად ხართ ჩემთჳს გულ მოკლულნი, ანუ აგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი? თქუენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვსხედით, არ საპყრულნი! ჩუენნი მჭურეტნი დავაშვენნით, ჩუენგან სხდიან მხიარულნი”.