... (Q-1541), 1712 წ.

1058. მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა჻ ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა჻ თვით ესე ბაღი მისია, თქვენი სადგომი დღესისა჻ პირველ მას მართებს ჩვენება, ყოვლისა უტურფესისა჻

1059. რა შემოვლენ დიდვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან჻ უჩვენებენ რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან჻ უტურფესთა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან჻ მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს დაჰყიდიან჻

1060. თქვენებრთა საპატიოთა, მას მართებს გამოსვენება჻ დამყენებელთა უბრძანებს, მართებდეს ვის დაყენება჻ აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება჻ გამოგება და წაყვანა, მას მართებს თქვენი ქენება჻

1061. ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი჻ პურად კარგი მასპინძელი, მხიარული არ თუ მქისი჻ მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი჻ წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი჻

1062. ავთანდილ უთხრა წადიო, აგრე ქმენ რაცა გწადიან჻ მებაღე მირბის იხარებს, ოფლნი ქვე მკრდამდის ჩასდიან჻ ხათუნსა უთხრა ამბავი, მე ესე დამიქადიან჻ ყმა მოვა მისთა მჭვრეტელთა, შუქნი მზედ გაიცადიან჻

1063. ვაჭარი ვინმე პატრონი, არს ქარავნისა დიდისა჻ საროსა მსგავსი ნაზარდი, და მთვარე დღისა შვიდისა჻ შვენის ჯუბა და მოხვევა, ძოწეულისა რიდისა჻ მე მიხმო მკითხა ამბავი, და ნირი ლართა სყიდისა჻

1064. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი჻ მოუკაზმნა ქარვასრანი, დააყენა ბარგი მათი჻ შემოვიდა ღაწვი ვარდი, ბროლბალახში მინა სათი჻ მისთა მჭვრეტთა დაუსახეს, ვეფხსა ტოტი ლომსა თათი჻

1065. ზარი გახდა შემოაკრბეს, ქალაქისა ერნი სრულად჻ იქითაქათ იჯრებოდეს, ვუჭვრიტოთო ამას რულად჻ ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულწასრულად჻ მათთა ცოლთა მოიძულვნეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად჻

1066. ფატმან ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა჻ მხიარულად უსალამა, სიხარული დაიჩინა჻ ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა჻ ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შევითვატყევ არ ეწყინა჻

1067. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი მაგრა მზმელი჻ ნაკვთად კარგი შავგრემანი, პირმსუქანი არპირხმელი჻ მუტრიბთა და მომღერალთა, მოყვარული ღვინის მსმელი჻ დია ედვა სასალუქო, დასაბურავ ჩასაცმელი჻

1068. მას ღამესა ფატმან ხათუნ, უმასპინძლა მეტად კარგა჻ ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა჻ ფატმანს მისი მასპინძლობა, უღირს ღმერთო არ დაკარგა჻ სვეს და ჭამეს დასაწოლად, ყმა გავიდა ღამით გარ გა჻

1069. დილასა ლარი ყველაი, უჩვენა გაახსნევინა჻ ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა჻ ვაჭართა უთხრა წაიღეთ, აჰკიდა გააწევინა჻ თქვენ ვითა გინდა ვაჭრობდით, ნუ გამამჟღავნებთ მე ვინა჻

1070. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა჻ ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა჻ ერთგან სხდიან უბნობდიან, საუბარსა არა მქისსა჻ ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა჻

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება჻

1071. სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის჻ გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის჻ მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთეს რაცა დაესობის჻ მით დიაცსა სამალავი, არასთანა არ ეთხრობის჻

1072. ფატმან ხათუნს ავთანდილის, გულსა ნდომა შეუვიდა჻ სიყვარული მეტისმეტი, მოემატა ცეცხლებრ სწვიდა჻ დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა჻ იტყვის რა ვქნა რა მერგების, აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა჻

1073. მიღმა ვუთხრა ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს჻ თუ არ ვთქვა რაგვარ გავძლო, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს჻ ვთქვა და მოვკვდე ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს჻ მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს჻

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო჻

1074. დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი჻ მისისა მიჯნურობისა მისთა, პატიჟთა მცნეველი჻ მისთა მსმენელთა გულისა, შემძრველი შემარხეველი჻ უსტარი შესანახავი, არცუდად დასახეველი჻

1075. ჰე მზეო ღმერთსა ვინათგან, მზედ სწადდი დასაბადებლად჻ მით შეგქმნა მოშორვებულთა, ჭირთა არ ლხინთა მწადებლად჻ ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად჻ მნათობთა შენი შეხედვა, ტკბილად უჩს დასაქადებლად჻