... (Q-1541), 1712 წ.

1039. მოეგებნეს აკოცებდეს, თავსა პირსა ფერხთა ხელსა჻ ჰკადრეს ქება უსაზომო, მას ტურფასა საქებელსა჻ მისი ჭვრეტა გააშმაგებს, კაცსა ბრძენსა ვითა ხელსა ჻ შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი, ფათერაკსა ეზომ ძნელსა჻

1040. ყმამან უთხრა მადლი ღმერთსა, შემოქმედსა არსთა მხადსა჻ ვისგან ძალნი ზეციერნი, განაგებენ აქა ქმნადსა჻ იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა ზოგსა ცხადსა჻ ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა჻

1041. ღმერთმან სულსა ეგოდენსა, თქვენ გათნივა სისხლი თქვენი჻ მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვქმენი჻ აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულენ რაცა ვთქვენი჻ ნავი სრულად საქონლითა, მიმიღია ვითა ძღვენი჻

1042. ამოა კარგსა მოყმესა, რა ომი გამარჯვებოდეს჻ ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანახლებოდეს჻ მიულოცვიდენ აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს჻ შვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს჻

1043. იგი ნავი მეკობრეთა, მას დღე ნახეს არ ახვალეს჻ მუნ დებულთა საჭურჭლეთა, ამარიმცა ვით დათვალეს჻ მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს჻ დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს჻

1044. ავთანდილს უსამ მოართვა, ვაჭართა შემოთვლილობა჻ შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენცა გვაქვს ამის ზრდილობა჻ რაცა გვაქვს იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა჻ რასაცა მოგვცეთ გვიბოძე, გვიქმნია აქა ყრილობა჻

1045. ყმამან შესთვალა ჰე ძმანო, წეღანცა მოგისმენია჻ ღმერთსა შეესმა ნაკადი, რაცა თქვენ თვალთა გდენია჻ მან დაგარჩინნა მე რა ვარ, მე გლახ რა მომილხენია჻ რა გინდა მომცეთ რას ვაქნევ, მე ვარ და ჩემი ცხენია჻

1046. მე თუცა რამცა მინდოდა, საჭურჭლე დასადებელი჻ ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარსაგებელი჻ რას ვაქნევ თქვენსა რას გინდა, ოდენ ვარ თანამხლებელი჻ სხვაგან რამე მიც სხვა საქმე, თავისა წასაგებელი჻

1047. აწ რაცა აქა ვიშოვე, საჭურჭლე დაუთვალავი჻ რაცა ვის გინდა წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი჻ ერთსა ვიაჯი მიაჯეთ, სააჯო არსაკრძალავი჻ საქმე რამე მიც თქვენშიგან, თავისა დასამალავი჻

1048. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით, არ თქვენსა პატრონობასა჻ თვით თავადია ჩვენი თქვა, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა჻ მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა჻ თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა჻

1049. ესე საქმე ქარავანსა, გაეხარნეს მეტად დია჻ მოვიდეს და თაყვანისსცეს, ჰკადრეს ჩვენი იმედია჻ რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯია჻ მას ვმსახუროთ ვისი პირი, მზისა პირად გაგვიცდია჻

1050. მუნით წავიდეს იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან჻ მიხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან჻ შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან჻ მას მარგალიტსა მას ყმისა, კბილთავე ფერსა სძღვნიდიან჻

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა჻

1051. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა჻ ნახეს ქალაქი მოცული, გარე ბაღისა ტევრითა჻ გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა჻ მის ქვეყანისა სიტურფე, რა გაგაგონო მევ რითა჻

1052. მათ ბაღთა პირსა დააბეს, ნავი საბლითა სამითა჻ ავთანდილ ტანსა ჯუბანი, ჩაიცვნა დაჯდა სკამითა჻ მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა჻ იგი ყმა ვაჭრობს თავადობს, და თავსა მალავს ამითა჻

1053. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა჻ მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით, პირსა ელვათა მკრთომელსა჻ ავთანდილ უხმო ეუბნა, კაცსა არ სიტყვამცთომელსა჻ ვისნი ხართ ვინ ხართ რა ჰქვიან, მეფესა აქა მჯდომელსა჻

1054. წვრილად მითხარ ყველაკაი, ყმა მას კაცსა ეუბნების჻ რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების჻ ჰკადრა ვხედავ პირი შენი, მზისა პირად მემეცნების჻ რაცა ვიცი მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების჻

1055. ესეა ზღვათა სამეფო, თვისა ათისა სავლითა჻ თვით გულანშარო ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა჻ აქ მოდის ტურფა ყველაი, ნავითა ზღვაზღვა მავლითა჻ მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა჻

1056. აქა მოსლვითა გაყმდების, კაციმცა იყო ბერები჻ სმა გახარება თამაში, ნიადაგ არს სიმღერები჻ ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს, ყვავილი ფერადფერები჻ ვინცა გვიცნობენ გვნატრიან, იგიცა ვინა მტერები჻

1057. დიდვაჭარნი სარგებელსა, ამის მეტსა ვერ ჰპოვებენ჻ იყიდიან გაჰყიდიან, მოიგებენ წააგებენ჻ გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ჻ უქონელნი წელიწდამდის, საქონელსა დაიდებენ჻