... (Q-1541), 1712 წ.

980. ცხენთა შესხდეს გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა჻ დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა჻ ავთანდილის ჭვრეტად სპანი, იქიაქათ იქმან ჯრასა჻ თქვეს ასეთი ხორიცელი, შეუქმნია ნეტარ რასა჻

981. ყმა ფრიდონს ეტყვის ისწრაფვი, ვიცი ამბისა თხრობასა჻ გიამბო ვინ ვარ სით მოვალ, ვინათგან ლამი ცნობასა჻ ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა჻ იგი ძმად მიხმობს ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა჻

982. მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით჻ დიდი სპასპეტი სახელად, მიხმობენ ავთანდილობით჻ ძე დიდებულთა დიდგვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით჻ საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით჻

983. დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა჻ მინდორს ვნახეთ ტარიელი, ცრემლთა ღვრიდა ველთა რწყვიდა჻ გაგვიკვირდა გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა჻ ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა჻

984. მეფემან სპანი შეპყრობად, შეუზახნა და წყრებოდა჻ მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა჻ ზოგსა მხართეძო დალეწა, და ზოგსა სული ხდებოდა჻ მუნღა ცნეს ეტლი მთვარისა, რომე არ დაბრუნდებოდა჻

985. მან სპათაგან ვერშეპყრობა, ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა჻ თვით შესხდეს და შეუტივეს, ამაყთა და არას მკრთალთა჻ რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა჻ ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა჻

986. ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა჻ მეფე დაჭმუნდა დაშალა, სმა ნადიმობა პურობა჻ მე ვეღარ გავსძელ მისისა, ამბისა ვერდასტურობა჻ გამოვიპარე საძებრად, მწვიდა ცეცხლი და მურობა჻

987. იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი჻ მათ მასწავლეს ხატაელნი ვნახე, მისგნივ დაკოდილი჻ ვპოვე ვარდი მოყვითანო, შუქმკრთალი და ფერმიხდილი჻ შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი჻

988. ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია჻ მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია჻ მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალ არ ახლებია჻ ვა მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა არ ეხლებია჻

989. ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის, მტირალი ცრემლნაწთომი჻ ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი჻ მიართვამს და იმით არჩენს, იგი ერთგან ვერ დამდგომი჻ მისგან კიდე სანახავად, არა უნდა კაცთა ტომმი ჻

990. მე უცხოს უცხო მანატრა, მოსმენა სანატრელისა჻ მითხრა ამბავი მისი და, მისისა სასურველისა჻ რა ჭირნი დასთმნა ვერ იტყვის, აწ ენა ესე ხელისა჻ ჰკლავს სურვილი და ვერჭვრეტა, მისისა დამმარხველისა჻

991. ვითა მთვარე დაუდგრომლად, იარების არ დადგების჻ მასვე ცხენსა შენეულსა, ზის აროდეს გარდახდების჻ არას ნახავს პირმეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების჻ ვა მე მისსა მგონებელსა, ვა მას ვინცა მისთვის კვდების჻

992. მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცრემლითა ცხელითა჻ შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა჻ მომინდა მისთა წამალთა, ძებნა ზღვითა და ხმელითა჻ შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა჻

993. დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა჻ დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა჻ გამოვეპარე დავეხსენ, სისხლისა ცრემლთა წურვასა჻ აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქითაქათ ბრუნვასა჻

994. შენი მან მითხრა ამაბავი, მისგან ძმობისა შენისა჻ აწ მიპოვნიხარ უებრო, შენ საქებელი ენისა჻ გამომირჩიე სით მიჯობს, ძებნა მის მზისა ზენისა჻ მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერმჭვრეტთა ამაზრზენისა჻

995. აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა, მის ყმისა ნაუბარითა჻ ორნივე სწორად მოსთქმიდეს, მოთქმითა საქებარითა჻ გულამოსკვნილნი გულითა, ტირან ვერდამთმობარითა჻ მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა, რწყვენ ტევრთა საგუბარითა჻

996. ლაშქართა შიგან შეიქმნა, ხმა ტირილისა დიდისა჻ ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა჻ ფრიდონ ტირს მოთქვამს ხმამაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა჻ უხანობა და სიცრუვე, ვა საწუთროსა ფლიდისა჻

997. ფრიდონ მოსთქვამს რა შეგასხათ, ვერსაქებო ვერსათქმელო჻ ხმელთა მზეო სამყაროსა, მზისა ეტლთა გარდამსმელო჻ მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო სულთა მდგმელო჻ ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო჻

998. რა მოგეშორვე მას აქათ, სიცოცხლე მომძულვებია჻ თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია჻ შენ უჩემობა ლხინად გიჩს, მე დია მიმჭირვებია჻ ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია჻

999. ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი, მოთქმითა შვენიერითა჻ სული დაიღეს დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა჻ ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს, ტურფითა აერფერითა჻ მელნისა ტბათა მიჯარვით, ჰბურავს გიშრისა ჭერითა჻