ვეფხისტყაოსანი, 1890 წ.

896. “რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა, მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა; შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა, ქვაბს ვეღარ გავძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.

897. “იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მომეარნეს; ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეჰკრბეს, ერთად შეიყარნეს; ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს, მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.

898. “ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხი მოვიდეს ერთგან რებულნი, სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი, შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი, ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.

899. “პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს: თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს; გამოჰრიდა ვეფხმან გული, დედათამცა გამოჰრიდნეს, ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.

900. “ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: “არა ხარ ცნობასა, შენ საყვარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა!” ხრმალ-გამოწვდილი მივუხე, მივეც ლახვართა სობასა, თავსა გარდავჰკარ, მოცავკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა.

901. “ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა; მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა; მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა, ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.

902. “რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი, მოვიქნიე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე; მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე, სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, რომ ცრემლსა ვღვრიდე!

903. “აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა; სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა! სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა”. ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულ-თქნა, აცატირდა.

XXV. აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა.

904. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა; უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და! ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა; თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.

905. “სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს, მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს; მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს, გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.

906. იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს; რა ასმათმან დაიჰნახა, განაღამცა გაეხარნეს! მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს, აკოცეს და აცატირდეს, კვლავ ცნობანი ააჩქარნეს.

907. ასმათ სთქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა; გაქო, ვით გაქო, რა გაქო, ~ არ-საქებელო სმენითა! დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!”

908. ტარიელ ეტყვის: “ჰე დაო, მით ცრემლი აქა მდინია, საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია. ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია. ვა, შენი ბრალი, თვარა და სიკვდილი ჩემი ლხინია!

909. “სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი? მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი! უწყლოობა ჰკლავს და წყალი ჰსდის, არ ოდეს არ გახმობილი! ვა, წარხდა ვარდი ჰპობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!”

910. “ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი: იტყვის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა-მდგმელი? შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი; გითხრამცა ვინ, რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს, როგორ ძნელი!

911. “ვარდი ამას ვით იაზრებს, მზე მომშორდეს, არ დავჭკნეო, ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო? გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო, ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო.”

912. სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა; ასმათი შეჰყვა, შევიდა, მათებრ სახმილი ჰგზებოდა, დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლავ მიწყივ ჰგებოდა; ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.

913. მწვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მზგავსი ჟამისა, მუნ უპურობა პურობა, არ-სიდიადე ჯამისა, მას შეეხვეწნეს: “ჭამეო”, ძალი არ ჰქონდა ჭამისა დაცოხნის, ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.

914. ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს; მან გაუგონოს, რაცა სთქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს, ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს. დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.