... (Q-1541), 1712 წ.

845. ჩემთვის გარდახდა მას აქათ, გაყრა მზისა და ქედისა჻ ოდენ მოდენა ცრემლისა, მჭირს ველთა მოსალბედისა჻ მსჯის გამრავლება ხელქმნილსა, სულთქმისა ზედაზედისა჻ დავვიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა჻

846. ესე არაკი მართალი, ჩინს ქვასა ზედა სწერია჻ ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია჻ აწ ზაფრანია ვის წინას, ვერ ვარდი ჰგვანდის ვერ ია჻ თუღა მონახავ მონახე, ქმენ რაცა შენი ფერია჻

847. ყმამან უთხრა უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად჻ მაგრა გაბრჭე რა მიქნია, სამსახური ტყვესა ტყვისად჻ გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად჻ მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლი სად჻

848. ბროლსადაფნი მარგალიტსა, ლალის ფერსა სცვენ და ჰბურვენ჻ მას მოვშორდი ვერ ვეახელ, ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ჻ გამოპარვით წამოსლვითა, ღრმთისა სწორნი მოვიმდურვენ჻ ნაცვლად მათთა წყალობათა, გულნი მათნი შევაურვენ჻

849. პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმერთისგან დიდად ცხოველი჻ მშობლური ტკბილი მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი჻ მას ვუორგულე წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი჻ მისი შემცოდე ღრმთისაგან, კარგსა აღარას მოველი჻

850. ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო ბედითა მისითა჻ არ ვუტყუე და მოსრულვარ, მგზავრი ღამით და დღისითა჻ აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა჻ ცუდმაშვრალი და მტირალი, ქვე ვზი პირითა მქისითა჻

851. დაო მეტსა საუბარსა, აღარ მომცემს ჟამი და დრო჻ არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა გავადადრო჻ წავალ ვძებნი ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო჻ თვარა ბედი აზომ თურე, მიკვეთს ღმერთსა რაღა ვჰკადრო჻

852. ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა჻ ქვაბი ჩავლო წყალსა გახდა, შამბი გავლო ველს გავიდა჻ ქარი ველთა მონაქროლი, ლალისფერსა ვარდსა ზრვიდა჻ რად მიმეცო ამა ჭირსა, ბედსა ამას უზრახვიდა჻

853. იტყვის ღმერთო რა შეგცოდე, შენ უფალსა არსთა მხედსა჻ რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა჻ ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წარსაწყმედსა჻ მოვკვდე თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა჻

854. მოყვარემან ვარდის კონა, გულსა მკრა და დამიწყლელა჻ იგი ფიცი ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა჻ მას თუ გამყრი საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა჻ სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა, გაკიცხულა გაბასრულა჻

855. კვლა იტყვის მიკვირს ნაღველი, კაცისა ჭკუიანისა჻ რა მჭვუნვარებდეს რას არგებს, ნაკადი ცრემლთა ბანისა჻ სჯობს გამორჩევა აზრობა, საქმისა დასაგვანისა჻ აწ მეცა მიჯობს მონახვა, მის მზისა ლერწამტანისა჻

856. ყმა გაემართა საძებრად, მტირალი ცრემლთა მფქვეველი჻ ეძებს უზახის უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი჻ სამ დღემდის მოვლო მრავალი, ხევი შამბნარი ტყე ველი჻ ვერ პოვა მივა მჭმუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი჻

857. იტყვის ღმერთო რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე჻ რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე჻ გამკითხველო გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე჻ დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირნი ამით გამილხინე჻

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა჻

858. მივიდოდა მიუბნობდა, ყმა მტირალი ფერშეცვლილი჻ ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიანჩრდილი჻ ნახა შავი შამბთა პირსა, დგა სადავეუკუყრილი჻ თქვა უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი჻

859. რა შეხედნა ყმასა გულმან, გაუფეთქნა გაუნათდა჻ აქა ლხინი დაღრეჯილსა, უათასდა არ უათდა჻ ვარდმან ფერი განანათლა, ბროლი ბროლდა სათი სათდა჻ ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა჻

860. რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა჻ ახლოს მყოფი სიკვდილისა, ჯდა და პირი დაებღნიჯა჻ საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა჻ მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა჻

861. ერთკერძ უც ლომი მოკლული, და ხრმალი სისხლმოცხებული჻ კვლა სხვაგნით ვეფხი უსულო, მკვდარი ქვედანარცხებული჻ მას წყაროსაებრ თვალთაგან, ცრემლი სდის გაფიცხებული჻ მუნ აგრე გულსა უნთებდა, ცეცხლი მცხინვარე ცხებული჻

862. თვალთა ახმადცა ზარედვა, სრულად მიხდოდა ცნობასა჻ მიახლებოდა სიკვდილსა, მოშორვებოდა ნობასა჻ ყმა სახელდებით უყივის, ლამის სიტყვითა კრთობასა჻ ვეღარ ასმინა გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა჻

863. ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა჻ ახლოს უზის და უზახის, მართ სახელდებით სახელსა჻ ეტყვის ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა჻ მას არა დია შეესმის, რეტსა თვალდაუფახელსა჻