... (Q-1541), 1712 წ.

825. რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელჰყვის გაძრვად ენისად჻ მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან, მსგავსად დიჯლისა დენისად჻ ზოგჯერ დაბრუნდის იჭვრეტდის, ღონედ პატიჟთა თმენისად჻ რა გაემართის არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად჻

826. თქვა ჩემო შენი შორს მყოფი, კრულია ვინცა დადუმდეს჻ რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს჻ თვალთა მტირალთა შეხედვა, შენივე სწადდეს და უნდეს჻ სჯობს საყვარელსა მოყვარე, რაზომცა დაუძაბუნდეს჻

827. მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა჻ თავსა მოვიკლავ მე თუმცა, შენგან არ ვეჭვდი წყენასა჻ მაგრა შენ გაწყენ ჩემისა, არსიცოცოხლისა სმენასა჻ მოდი და მივსცნე ცოცხალმან, თვალნი ცრემლისა დენასა჻

828. იტყვის ჰე მზეო ვინ ხატად, გთქვეს მზიანისა ღამისად჻ ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად჻ ვის გმორჩილობენ ციერნი, ერთის იოტის წამისად჻ ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად჻

829. ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან, ფილოსოფოსნი წინანი჻ შენ მიშველე რა ტყვექმნილსა, ჯაჭვნი მაბიან რკინანი჻ ბროლბალახშისა მძებნელმან, სათნი დავკარგენ მინანი჻ მაშინ ვერ გავძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი჻

830. ამას მოთსქმიდის იწვოდის, ვითა სანთელი დნებოდის჻ დაყოვნებისა მოშიში, ისწრაფდის იარებოდის჻ რა შეუღამდის ვარსკვლავთა, ამოსლვა ეამებოდის჻ მას ამსგავსებდის ილხენდის, უჭვრეტდის ეუბნებოდის჻

831. მთვარესა ეტყვის იფიცე, სახელი ღმრთისა შენისა჻ შენ ხარ მომცემი მიჯნურთა, მიჯნურობისა სენისა჻ შენ გაქვს წამალი მისისა, მოთმინებისა თმენისა჻ მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა჻

832. ღამე ალხენდის დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა჻ რა წყალი ნახის გარდიხდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა჻ მას თანართვიდის ნაკადსა, სისხლისა ცრემლთა ტბისასა჻ კვლა გაემართის ისწრაფდის, წავლასა მისვე გზისასა჻

833. მარტო მოსთქმიდის ტიროდის, ტანად ალვისა ხიანი჻ მინდორს თხა მოკლის სადაცა, ადგილი დახვდის კლდიანი჻ შეწვის ჭამის და წავიდის, პირმზე გულმარიხიანი჻ იტყვის დავყარენ ვარდნი, და აჰა მე ვაგლახ იანი჻

834. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა, მე მის ყმისა ნაუბარსა჻ მიუბნობდის რას მოთქმიდის, რას ტურფასა რაზომ გვარსა჻ ზოგან თოვლი გაეწითლის, ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა჻ ქვაბნი ნახნა გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა჻

835. რა ასმათმან დაინახა, მოეგება ცრემლი სწვთების჻ ვით ეამა სიხარულსა, მართ ვეღარას ვერ მიხვდების჻ ყმა გარდახდა მოეხვია, აკოცებს და ეუბნების჻ კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა დია ეამების჻

836. ყმა ქალსა ეტყვის პატრონი, ნეტარ სად არის და ვითა჻ ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა჻ ეტყვის რა წახვე გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა჻ აწ მისი არა არ ვიცი, არ ნახვით არ ამბავითა჻

837. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე, ჰკრეს ლახვარი გულსა შუა჻ ქალსა ეტყვის აჰა დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა჻ იგი ფიცი ვით გატეხა, არ ვეცრუე ვით მეცრუა჻ ვერ იქმოდა რად მიქადა, თუ მიქადა რად მიტყუა჻

838. მე უმისოდ სოფელს ყოფა, რათგან ჩირად არ მიღირდა჻ რად დავვიწყდი რად მივსცილდი, რად ვერ გასძლო რა მისჭირდა჻ მან გატეხა ზენარისა, რად შემართა ვით გაპირდა჻ მაგრა ავის ბედისაგან, ჩემი რამცა გამიკვირდა჻

839. კვლა ქალი ეტყვის მართლაც ხარ, მაგისსა დამძიმებასა჻ მაგრა რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა჻ არ გული უნდა ფიცის და, პირისა გასრულებასა჻ იგი უგულო მოელის, მართ დღეთა შემოკლებასა჻

840. გული ცნობა და გონება, ერთმანერთზედა ჰკიდიან჻ რა გული წავა იგიცა, წავლენ და მისკენ მიდიან჻ უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან჻ შენ არ გინახავს არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან჻

841. შენ უმართლე ხარ ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა჻ მაგრა ვით ითქმის ვით გახდა, ვითა გიამბობ ცნობილსა჻ ენა დაშვრების გაცვთების, გულსა შეელმის ლმობილსა჻ ამას მით ვაზრობ მინახავს, მე უბედურსა შობილსა჻

842. ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი, არცა ვის ამბად სმენია჻ არა თუ კაცთა სასჯელი, ქვათაცა შესაძრწენია჻ დიჯლადცა კმარის მას რომე, თვალთაგან ცრემლი სდენია჻ თვით რაცა ჰბრძანოთ მართალ ხართ, სხვა სხვისა ომსა ბრძენია჻

843. მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა ცეცხლმოდებულსა჻ მოვიდეს რა ქმნას ავთანდილ, მისსა დამვედრე დებულსა჻ მიბრძანა მოღამნახვიდეს, მე მისთვის გაცუდებულსა჻ ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გავსტეხ მისს ქადებულსა჻

844. მას ზენაარსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვერცუები჻ მას პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები჻ თუ მკვდარი მნახოს დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები჻ ცოცხალი დავხვდე უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები჻