ვეფხისტყაოსანი, 1975 წ.

853. კვლა იტყვის: ,,მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა. რა მჭვუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა? სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა, აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ-ტანისა.”

854. ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფქვეველი, ეძებს, უზახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი; სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე, ველი; ვერ პოვა, მივა მჭმუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი.

855. იტყვის: ,,ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე? რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე! გამკითხველო, გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე, დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირნი ამით გამილხინე!.”

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა

856. მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ-შეცვლილი, ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი; ნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავე-უკუყრილი; თქვა: «უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი».

857. რა შეხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა, აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა; ვარდმან ფერი განანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა, ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.

858. რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა: ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა, საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა, მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.

859. ერთ-კერძ უც ლომი მოკლული და ხრმალი სისხლ-მოცხებული, კვლა სხვაგნით – ვეფხი უსულო, მკვდარი, ქვე-დანარცხებული, მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული, მუნ აგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.

860. თვალთა ახმადცა ზარ-ედვა, სრულად მიხდოდა ცნობასა, მიახლებოდა სიკვდილსა, მოშორვებოდა ნობასა. ყმა სახელ-დებით უყივის, ლამის სიტყვითა კრთობასა. ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა!

861. ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა, ახლოს უზის და უზახის მართ სახელ-დებით სახელსა; ეტყვის: ,,ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?.” მას არა დია შეესმის რეტსა, თვალ-დაუფახელსა.

862. ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა. ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტად-რე მოაცნობილა. მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა, ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა!

863. უთხრა: ,,ძმაო, არ გიტყუე, გიყავ, რაცა შემოგფიცე, გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე; აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე, მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე.”

864. ყმამან უთხრა: ,,რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა? ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა? ვის უქნია შენი მსგავსი სხვათა კაცთა ნათესავსა? რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?

865. ,,თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა: ხამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა; ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსა. თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

866. ,,ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ, მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ? ვისთვის ჰკვდები, ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ, თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ?

867. ,,ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან? ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან? მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან? არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

868. ,,ვარდსა ჰკითხეს: «ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად პირად? მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად არს ჭირად?». მან თქვა: «ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად; ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად».

869. ,,რათგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო. მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო? უბოროტო ვის ასმია, რაცა კარგი საეშმაკო? რად ემდურვი საწუთროსა? რა უქმნია უარაკო?!

870. ,,ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა, ნუ მიჰყოლიხარ თავისა თათბირსა, გაგონებასა, რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა, ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა!.”

871. მან უთხრა: ,,ძმაო, რა გითხრა, ძვრაცა არ ძალ-მიც ენისა, ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა; რა ადვილად გიჩს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა? აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.