ვეფხისტყაოსანი, 1975 წ.

758. ყმამან უთხრა: ,,აღარ წასლვა არ ეგების ჩემგან აროს. იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს. ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს, ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!

759. ,,უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა, მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა; ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა? სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

760. ,,მოვახსენებ ერთხელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების, ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების; არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების, მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების.”

761. მოიუბნეს. ვაზირმან ქმნნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი. უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნნა შვენიერსა შვენიერნი; მისნი მყოლნი ა-ვე-ავსნა, მოყმენი და თუნდა ბერნი. გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.

762. შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან, სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან, ნიადაგ, მიუმცთარომან, სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად მართ ვითა მიუმხვდარომან კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან.

763. შესთვალა თუ: ,,რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო, ვალთა შენთა გარდსახდელად რა ნაცვალი მოვიგონო? თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო, სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო.”

764. მე ვითა ვთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი! კაცი იყო საქმისამცა შესაფერი, შესატყვისი; ასრე უნდა მოხმარება, გავიდოდეს ვისცა ვისი. ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

ავთანდილისაგან შერმადილის საუბარი

765. შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი: ,,ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი, შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი” მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხავი და მსმენელი.

766. იტყვის: ,,როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა; მან არ იცის, რათა ვინა და სულ-დგმული ვისგან ვინ-ა; უმისომცა ნუ ცოცხალვარ ნუცა გარე, ნუცა შინა! რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!

767. ,,თუცა მისი არ-გაწირვა, ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს; გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უობს, კაცსა არას არ იახლებს, ერიდების, ჰკრთების, ქსუობს ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს;

768. ,,სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა: პირველ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა, მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა, გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.

769. ,,რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, ჟამია შემოკლებისა! აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა. რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა, შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.

770. ,,აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე, სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე; სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე, სამსახური აქამდისი, კვლა გავლენა გააკვლადე.

771. ,,მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნურა მოგაკლდების, ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების! შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების; პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების.”

772. ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი; მოახსენა: ,,მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი! მაგრა რა ვქმნა, უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი! წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი.

773. ,,ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი! ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი! დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქმნები აქა ფლიდი?” ყმამან უთხრა: ,,ვერ წაგიტან რაზომსამცა ცრემლსა ღვრიდი.

774. ,,შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა, მაგრა საქმე არ მოხდების, ჟამი ასრე დამემტერა! ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდევ ვინმც მეფერა?! გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერა, ვერა!

775. თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად; არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად? გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად! ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად!

776. ,,რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს; არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს. ხამს, მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს, მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს.