ვეფხისტყაოსანი, 1975 წ.

796. ,,ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის, ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს,არ გეთნევის, არას არგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის, შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!

797. ,,გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა,– ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა,– ნუგეშინის-ეც წყალობით ჩემგან წყალობა-ჩვეულსა, ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.

798. ,,გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა; აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა! ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა. სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!.”

799. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა; უთხრა: ,,ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა.” მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

ლოცვა ავთანდილისა

800. ილოცავს, იტყვის: ,,მაღალო ღმერთო, ხმელთა და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!

801. ,,ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა, შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა, მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა, ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!

802. ,,ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე: მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე! თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე.”

803. რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა, შერმადინცა დააბრუნვა, საბრალომან ცრემლნი ღვარნა; მონა ტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი ღარნა; პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

804. აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავჰყვე წამავალსა. არ შეექმნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ-გამწყრალსა; რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა, ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.

805. რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული, როსტან უთხრა: ,,არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული. მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული, აზომ რომე გაგათრიე შენ, ვაზირი გულის-გული.

806. ,,თუღა გახსოვს, რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე? მართლად უთქვამს მეცნიერთა: «წყენააო ჭირთა ბადე»; ესეგვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე, აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლადე.”

807. კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი, რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ-ნაგრძელევი: ,,შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი, კვლა მაგის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!.”

808. რა გამოვიდა ვაზირმან ძებნა, ვერ პოვნა მინანი, მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი. მან თქვა: ,,მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი, ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მასცა ვინანი.”

809. რა ვაზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის; კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის; როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის; თქვა: ,,უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის.”

810. თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი, უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: ,,მიდი, მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!.” რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.

811. კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ-მხიარულად; მეფემან ჰკითხა: ,,წასრულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?». მან მოახსენა ყველაი, ვით წასრულიყო ფარულად: ,,მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად!.”

812. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი; მოსთქვამს, იტყვის: ,,ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი!– პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭვრეტნი,– სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?

813. ,,თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები. მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები! გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, ვისთვის ენები? შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!