ვეფხისტყაოსანი, 1975 წ.

988. ,,მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა; მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა. რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა, ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.

989. ,,ვითა მთვარე, დაუდგრომლად იარების, არ დადგების; მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდახდების; არას ნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების. ვა მე, მისსა მგონებელსა, ვა მას, ვინცა მისთვის კვდების!

990. ,,მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცრემლითა ცხელითა, შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა; მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა; შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.

991. ,,დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა. დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა; გამოვეპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა, აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქით-აქათ ბრუნვასა.

992. ,,შენი მან მითხრა ამაბავი, მისგან ძმობისა შენისა, აწ მიპოვნიხარ უებრო შენ საქებელი ენისა; გამომირჩიე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა, მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა.”

993. აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა; ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა, გულ-ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ-დამთმობარითა, მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა.

994. ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა, ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა. ფრიდონ ტირს, მოთქვამს ხმა-მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა: ,,უხანობა და სიცრუვე, ვა, საწუთროსა ფლიდისა!.”

995. ფრიდონ მოსთქვამს: ,,რა შეგასხათ, ვერ-საქებო, ვერ-სათქმელო! ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამსმელო, მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგმელო, ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!

996. ,,რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია! თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია; შენ უჩემობა ლხინად გიჩს, მე დია მიმჭირვებია, ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!.”

997. ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა; სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა. ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა აერ-ფერითა, მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა.

998. ქალაქს შევიდეს, მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა, სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა; მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა! შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასრულითა.

999. შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი, იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი; თვით ორნივე ერთგან დასხდეს; ვითა ვინ თქვა ქება მათი! ბროლ-ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.

1000. დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა, უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა, მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა, მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა.

1001. მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა. გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა, შესამოსელი შემოსეს დრაჰკნისა ბევრ-ათასისა, შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.

1002. ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა, ფრიდონს თანა ნადირობას გავიდის და თამაშობდა, სწორად ხოცდა შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყროდა, მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.

1003. ყმა ფრიდონს ეტყვის: ,,გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები: მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩს და მით თავსა ვევნები, მაგრა არა მცალს დღე-კრულსა, ცეცხლი მწვავს მოუთმენები, გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიც, დია დავეყენები.

1004. ,,მართალ-ა შენი გამყრელი, თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა, დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა; დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა, სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა.”

1005. ფრიდონ უთხრა: ,,დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის; ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის; წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობის, მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის?

1006. ,,ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი; თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი, აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი. არ წაიტან, გაირჯები, ღაწვი-ვარდი, ცრემლთა მდენი.”

1007. მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა, სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა, სამოცი ლიტრი წითელი აწონით, არ-ნაკლულითა, ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა.