ვეფხისტყაოსანი, 1975 წ.

738. ,,მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს! აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს, ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს; ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

739. ,,მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან! აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვედლად ცრემლი მდიან. სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან; ჭირნი მისგან უნახავნი, კაცსა ვისმე გარდუხდიან?

740. ,,აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს? რკინა ჩემი მონაცვალე, ხამს გაცვილდეს, არ გატინდეს; ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს, მომეხმარე, ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.

741. ,,არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად; ვითა მნუკევს, ეგრე დავრთო გული ცეცხლთა მოსადებლად. ვიცი ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად თქვი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად!.”

742. ვაზირმან თქვა: ,,შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების, ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების; ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების.”

743. რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა. მეფე დახვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა. შეუშინდა, საწყენლისა მოხსენება ვერ შემართა; დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა.

744. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული. უბრძანა: ,,რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?” მან ჰკადრა: ,,არა ვიციო, მართ ვარ თავისა ვებული, მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმათ ამბავი გაკვირვებული.

745. ,,ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მატს, და არცა სდიდობს; მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული ვერ დარიდობს. აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს, უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს.”

746. რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა; კვლა მოახსენა: «რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა, თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა! მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა».

747. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა, ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა; შეუზახნა: ,,რა სთქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა! ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!

748. ,,ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად. მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად, ღადრად! შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად! აგრე შმაგი არ ვაზირად, არა ვარგხარ არცა სხვად რად!

749. ,,ხამსცა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს, ოდენ სიტყვა უმეცრული უმეცრულად დაიყბედნეს?! მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს! შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს.”

750. კვლა უბრძანა: ,,თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი, თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი! წა, უკუდეგ, ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი! შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!.”

751. დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა; დააცთუნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა: ,,ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!.” ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.

752. ვაზირმან, გლახ, გამორიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს; გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს, შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს, მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

753. თქვა: ,,ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს? რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს! ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს, ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს!.”

754. ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა; ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა: ,,მადლი რა გკადრო, აწ თქვენგან , გავხასდი მე მაშა ვითა, ვა, კარგი თავი უებრო დავკარგე, დავაშავითა!”

755. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს: –მიკვირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს! – ,,ვინ, არ მისცემს ქადებულსა მოურავსა მოიმდურვებს, თქმულა: «ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს».

756. «ვით გამხადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა; რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლეგობა, რა შმაგობა! მე თვით კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიც თავსა ცნობა; ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.

757. ,,მეცა ვიცოდი, რაცა ვქნეთ, ცთომით არ წამკიდებია; ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია; განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია! შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს, ჭირი არ გამცუდებია.”