ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

819. “არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა, და არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

820. “რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად, გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად თქვენვე გნახე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად და მას რა ვარგო, ესე ჩემთვის დიდებად და კმარის დავლად.

821. “მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა! მეფეო, ნუ თუ წასვლამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?! ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა,- და პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

822. “არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა, და რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა გვიანსა?!

823. “რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მღმეჭელსა, შედრეკილსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა! კაცი, ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა, ქსლისა მბეჭველსა, და სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

824. “ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი მისგან გასწორდეს ყოველი სუსტი და ძალ-გულოვანი ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. და სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

825. “მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენად კადრებად ამისად: ცთების და ცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად! მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად! და თუ ვერა გნახე ცოცხალმან, ყოფამცა მქონდა ჟამისად.

826. “თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, და მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალე, მლმობელმან.

827. “მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,- მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არასმქონები: და მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

828. ღმერთსა მვედრებენ მრავალნი გლახაკნი გულ-მჴურვალები; დამჴსნას ჴორცთა და სოფელსა, ნუმცა რად შევიცვალები; კულა ცეცხლი ჯოჯოხეთისა ნუმცა მწვავს, იგი ალები; და მომცეს მკვიდრივე მამული მუნ ჩემი სასურვალები.

829. დამჴსნას ბნელი და ნათელი შემმოსოს ზესთა ზენისა; მუნ დამაუნჯოს წამალი, სადა ძეს სულთა ლხენისა; ჩემი არ ჰქონდეს შეძლება სოფლისა მღილთა კბენისა, და ფრთენი მამესხნენ და ძალი მომეცეს აღმაფრენისა.

830. “რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წარსაგებლად, და შენგან კიდევ არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად.

831. “ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის, ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს,არ გეთნევის, არას მარგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის, და შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის.

832. “გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა, ნუგეშინი-ეც წყალობით ჩემგან წყალობა-ჩვეულსა, და ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.

833. “გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერიჴელითა აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წაველ გულითაჴელითა! ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა. და სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!”

834. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა უთხრა: “ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა”. და მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

835. ყმა შეეკაზმა წასავლად, ცრემლითა მოერწყო ველი, მზე წავიდოდა, დაეცა არაბეთს ბინდი ყოველი; ჴამს შეპოვნება მაღლისა, ვინცა არს ჭირსა მოველი; და მიზგითას მივა ღმრთისაგან გამარჯვებისა მთხოველი;

ლოცვა ავთანდილისა მიზგითას და გაპარვა მისი

836. ილოცავს, იტყვის: “მაღალო ღმერთო, ხმელთა და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, და მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!

837. “ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენად-ზესა, შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა, მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსსა მზესა, და ნუ აღმოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!