ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

742. ყმამან რაცა არვის უთხრის, კითხვად ვინმცა გამოპირდა? მართლაა, თუ საუბარსა აძვირებსა, ძვირად ღირდა, სმა გარდახდა გაიყარნეს, ყმა წავიდა , მიცასჭირდა, და ვეღარ გასძლო, გულ მისი აუჩუქდა, აუტირდა.

743. თქვა: ამა ჟამსა წუხილის მე დილა გამთენებოდა; მუნ ვიყავ, სადა სამყაროს ღაწუთაგან ელვა ჰკრთებოდა; აწ სიშორისა მომლოდე გულიმცა მისთვის კვდებოდა, მზემან რა მისცა სინათლე, თუ მთუარე გაეყრებოდა?“

744. ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა. ზოჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა, და რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა.

745. წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო? მოგშორდი ედემს ნაზარდო, ტანო ლერწამო და ხეო, შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერმჭვრეტთა სავაგლახეო, და ცხადად ნახვასა არ ღირსვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!”

746. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა კვლავ გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა, არ დავთმოთ, რა ვჰქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოუგვაროთა? და თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა”.

747. კვლავ იტყვის: “გულო, რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება მაგრა დაჰმალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლავ დება, და ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!”

დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფისა ვეზირის და ვეზირის საუბარი და ხვეწნა

748. რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე იტყვის: “ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს დამცავფარე!” დათმობასა ეაჯების: “გულსა შენ რა მოუგვარე!” და ცხენსა შესჯდა, წამოვიდა ვეზირისა სახლსა მთვარე.

749. ვეზირმან ჰსცნა, გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული,– ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული!” მიეგება, თაყვანი-ჰსცა, ჰკადრა ქება სრულსა სრული: და “ჰხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული”.

750. ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან და სთქვეს: “ სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან”.

751. დასჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ჰხელეს, მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს, სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს; და გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

752. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვეზირსა ეუბნების, ეტყვის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების, რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების, და გაიგონენ ჭირნი ჩემნი, მკურნე, რაცა მეკურნების!

753. “მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა, მკლავს სურვილი და ვერ ნახვა ჩემისა სასურველისა მას ჩემთვის სული არ ჰშურდეს, შეზღვა ჰხამს შეუზღველისა,– და ჰხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

754. “მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა, მუნვე დარჩა, დათმობაცა მასთანავე დაებადა; რადგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა; და მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა;

755. “ოდეს წამოველ, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა: “კვლავ მოვალ, გჰნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა” და ჟამია ჩემგან წასლვისა, მით მწვავს ცეცხლითა ცხელითა.

756. “ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა. მიმელის და ვერ მისრულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა, და რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა.

757. “რაცა გითხარ ჩემმაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ ვეზირსა, უსტასრასა: არ შემიპყრობს, არ დავდგები თუ შემიპყრობს, მაქნევს რასა? და მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არა ჰსრასა!

758. “ჰკადრე: “ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ შეუზრახემან! ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა მსახემან მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან, და გული წამსავე წამიღო, - ვერათ ვერ შევინახე, - მან.

759. “აწ, მეფეო, უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების გული მას აქვს გულოვანსა, აქა ხელი რა მეხდების? თუ რას ვარგებ, პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების და ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ,– ჩემი ფიცი არ გატყდების.

760. “წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს თავსა ჩემსა გაგებული იჰქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს მანვე ჰქმნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე დავებრუნდეს. და არ მოვბრუნდე, თქვენმცა ჰსუფევთ, თქვენი მტერი დაძაბუნდეს”.