ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

683. “პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, გული მინდორს არ გაიჭრას, არ იირმოს, არცა ითხოს, თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს! და შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!”

684. ამას ზედან შეიფიცნეს მოყვარენი გულ-სადაგნი, იაგუნდნი ქარვის ფერნი, სიტყვა ბრძენნი, ცნობა-შმაგნი; შეუყვარდა ერთმან ერთი, ჰსწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი, და მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.

685. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ჰქმნას,ამას ვერ მიმხვდარა და ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.

686. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა ადრე მოსლვასა ჰყვედრებდა, მართ ვითა ია სჭკნებოდა და მან უთხრა: “დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!

687. “ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა, ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა! და შეიგენით, მიცემულვარ ჭირსა რასმე თანის-თანსა”.

ამბავი ავთანდილის არაბეთს მიქცევისა ტარიელ რომ იპოვნა და წავიდა

688. იგი მუნით წარმოსული სევდამანცა განა მოკლა! პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს, ხელი მისი გაამხოკლა სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცი ყოვლნი გაამოკლა და მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

689. მუნ მოვიდა, სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ნახე, იცნეს, რაგვარადცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს; შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლად, თავნი მისკენ არნეს: და “მოვიდაო, აქანამდის ვითვის ლხინი გაგვემწარნეს!”

690. გაეგება, მოეხვია, ზედა დასდვა პირი ხელსა, აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მსვრელსა, ესე სთქვა თუ: “ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა, და მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი ჭვრეტდენ მრთელსა!”

691. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა უბრძანა, თუ: “ღმერთსა ვმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა! დიდებულთა თაყვანი-სცეს, აკოცებდეს ვინცა ღირსა, და ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა, თუ – უნდა მცირსა.

692. მივიდეს, სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული. მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული მაშინვე დასჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული, და ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კრებული.

693. შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით ჰპოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული: და “უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და ხული”

694. მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა: “შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა.” მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, განისვენა, და ცისკრად შესჰჯდა, გაემართა, დღე რა მზემან განათენა.

695. არცაღა დასჯდა ნადიმად, არცაღა ჰქმნად ხალვათისა შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა, ფიცხლად წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა,– და მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა.

696. შესთავლა: “მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით, ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით, მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით, ად აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და მშვიდობით”.

697. როსტევან, მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი! შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი: “ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი”. და ჰბრძანა: “ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი”.

698. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა: “ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”. იგი მით აკრთთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა, და მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.

699. მეფე შესჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა, ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა, და დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი ჰგვანდეს ვითა მთრვალსა.

700. რა მიეახლა, გარდახდა ყმა, თაყვანი-ჰსცა მეფესა აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა და მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

701. მას ავთანდილ თაყვანი-ჰსცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა. მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა. პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა-ზესა, და სახლ-სამყოფი არა ჰმართებთ, ცამცა გაიდარბაზესა.