ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

770. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს: –მიკვირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს! – “ვინ, არ მისცემს ქადებულსა მოურავსა მოიმდურვებს, თქმულა: “ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს”.

771. “ვით გამხადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა; რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლეგობა, რა შმაგობა! მე თვით კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიც თავსა ცნობა; ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.

772. “მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ, ცთომით არ წამკიდებია; ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია; განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დაჰრიდებია! შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს, ჭირი არ გამცუდებია“.

773. ყმამან უთხრა:,, შენთვის წყრომა მეცა განა დამიმძიმდა! მაგრა ქრთამი რადღა გმართებს? გაიცინნა, გა-ცა-ღიმდა; შენ ადიმი გაგიმეშდა, არ თუ მეში გიადიმდა. რა აქიმი დასნეულდეს, მისთვის ვინმცა გააქიმდა!

774. მოახსენა კვლა ვაზირმან: ,, მე რა გინდა წამეკიდოს, მოიწყრომებს, შე-ცა-მინდობს, ნუთუ გული გაიწმიდოს! შენ რასა იქმ, ესე მითხარ, ჩემი ჭმუნვა არ იდიდოს! ხამსცა, კაცმან სასიკვდილოდ თავი ჭირსა არ დაჰრიდოს?

775. ყმამან უთხრა: ”აღარ წასლვა არ ეგების ჩემგან აროს. იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს. ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს, ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!

776. “უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა, მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა; ასრე გასრულსა რად მნუკევს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა? სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

777. “მოვახსენებ ერთხელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების, ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების; არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების, მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების”.

778. მოიუბნეს; ვაზირმან ქმნნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი. უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი; მისნი მყოლნი ა-ვე-ავსნა, მოყმენი და თუნდა ბერნი. გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.

779. შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან, სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან, ნიადაგ, მიუმცდარომან, სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად მართ ვითა მიუმხვდარომან კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან.

780. შესთვალა თუ: “რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო, ვალთა შენთა გარდასახდლად რა ნაცვალი მოვიგონო? თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო, სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო”.

781. მე ვითა ვთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი! კაცი იყო საქმისამცა შესაფერი, შესატყვისი; ასრე უნდა მოხმარება, გაჰვიდოდეს ვისცა ვისი. ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

ავთანდილისაგან შერმადილის საუბარი

782. შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი: “ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი, შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი”. მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხავი და მსმენელი.

783. იტყვის: “როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა; მან არ იცის, რა მჭირს, ანუ სულ-დგმული ვარ ვისგან ვინ-ა; უმისოდმცა ნუ ცოცხალვარ ნუცა გარე, ნუცა შინა. რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!

784. “თუცა მისი არ გაწირვა, ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს; გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უობს, არას კაცსა არ იახლებს, ერიდების, ჰკრთების, ქსუობს. ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს;

785. “სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა: პირველ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა, მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა, გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.

786. “რადღა ვაგრძელებ სიტყვასა? ჟამია შემოკლებისა! აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა. რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა, შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.

787. “აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე, სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე; სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე, სამსახური აქამდისი, კვლა გავლენა გააკვლადე.

788. “მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნუმცა მოგაკლდების, ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების. შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების; პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების”.