ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

586. “მიამბო: “ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა, მეფესა ესმა, აიჭირა, მართ მისგან გასატკივარდა, შენ დაგიძახა, მიხმეთო, ხმა მაღლა გახმამყივარდა, და მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა.

587. “ჰკადრეს, აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან. მეფე ჰბრძანებს, ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგიან,– მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, და რა ნახიან ერთმან ერთი, არ-შეხედვა ვერ დაჰსთმიან.

588. “აწ თავმან ჩემმან, მას მოვკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა; მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა, და თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო, მისად პატიჟად მზადესა.

589. “მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ჰფიცის, და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის, ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, და მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

590. “დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან, “თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან, მან ეგრე სთქვა: “უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან, და ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან.

591. “პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს, შენეულივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს დავარ მოთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსენოდეს: და “ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ, ვეჭვ, შენცა, არა გლხენოდეს,

592. “როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე, ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე, არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქნევინე, და აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე.

593. “ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა, და ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა.

594. “რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოჰსდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოიღეს, ეუბნეს არ აჯებითა, და მას შიგან ჩაჰსვეს იგი მზე, ჰგავს, იჰქმნა დარაჯებითა.

595. ,, უბრძანა: ,, წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია; წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია; მათ გაეხარნეს, ხმა მაღლად იყივლეს: იპი, იპია. და ესე ვნახე და არ მოვკვდიე, არა მგავს არცა სიპია.

596. “ზღვათაკე განვლეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა დავარ სთქვა, “მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და! ვირე მომკლევდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა. და დანა დაიცა, მოცაკვდა, დაეცა, გასისხლ-მდინარდა.

597. “რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა? აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა,– ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთა დგმა დაუთმობელსა.» და საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშობელსა.

598. “მე ვუთხარ: “დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია, რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია. აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია, და სრულად გავქვავდი, შემეჰქმნა გული მართ ვითა სალია.

599. “მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომივიდა ცხრო და თრთოლა გულსა ვუთხარ: “ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა, გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა, აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა.

600. “შეველ, ფიცხლად შეველკაზმე, ცხენსა შევჰსჯე შეკაზმული, ას-სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული, წამომყვა და წამოვედით, კართა გარე დარაზმული, და ზღვის-პირს მივე, ნავი დამხვდა, მენავემან მჰნახა ცმული.

601. “ნავსა ჩავჯე, ზღვასა შეველ, ზღვასა შიგან გავალაგდი არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავალაგდი მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გავეშმაგდი, და რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვძაგდი.

602. “რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა, მაგრა მისი მჰნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა, თანა მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეჴოცა; და ვთქვი თუ: “ღმერთსა ვერას ვკადრებ, რაცა ჰსწადდეს, აგრე ვყოცა.

603. “ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოველ ზღვისა პირსა, გული სრულად გამიმხეცდა არ უსმენდი არც ვეზირსა ყველაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა, და კაცსა ღმერთი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა!

604. “ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი, ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემომგონანი. მისი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი, და ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი”.

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღვისა პირსა