ვეფხისტყაოსანი, 1892 წ.

487. „მივუწერე: “მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი, გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი; ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე-სიტურფენი, სულთა ნაცვლად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი?

488. “მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე, აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე; სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე, რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!

489. “განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე; ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვპოვე; დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე, სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შეველპოვე!”

490. “ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა; მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა; გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგმულობა მომეწყინა, ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა”.

491. დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა; ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა, რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.

492. “გვიბრძანეს თუ: “ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, დაცაგვლია, ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია; ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია, ყმისა არ სმა არად გვაგვა, ამათზედან წაგვითვლია.

493. “აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ, არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ?”

494. “ვთქვი: “თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების, მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების; ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების, – სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით, მაგას რა მოეგვარების”.

495. “დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია; ვთქვი: “ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ საქმნელია!” მეფემან ბრძანა: “ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია, თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრივ არ რომელია”.

496. “რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა; ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა, ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მიდამო კრთებოდა.

497. “დედოფალმან სთქვა: “ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი, მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!” შეცილებამცა ვით ვკადრე, რადგან თვით იყო მნდომელი! მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა-მხდომელი.

498. “გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას შინა შვილისა მთხოელი; შესთვალეს: “გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი; არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი, თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი”.

499. “კაცი მოვიდა; აევსო ჯუბაჩითა და რიდითა, გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა; ებრძანა: “მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა, თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!”

500. “კვლავ გაჰგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად, დაჰვედრეს თუ: “ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად;” მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შეველ მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა, ვიწევ ჭირთა მოპოვნებად”.

501. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად. ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად, წიგნი მომართვა, ეწერა: “ვინ სჩან ალვისა ტანისად, ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად”.

502. “შევჯეგ, წაველ, ბაღჩას მივე, ვითა სცნობდე, ლხინთა ზომით; ბაღჩა შევლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით, ვნახე, ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით, დამიმძიმდა, არა ვკითხე, ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.

503. “იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა. ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა. ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა, ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.

504. “ჩემნი ერთნი გონებანი, მეტად შორად გამიკიდნა, შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა. შეველ, ვნახე იგი მთვარე, ჭირმან ყოვლმან უკუ-მრიდნა, გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა.

505. “იყო არ ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი; ებურა მოშლით პირ-ოქრო რიდე, მე მივეც რომელი, მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი, ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.

506. “ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული, არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული; ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული, მერმე წამოსჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.