ვეფხისტყაოსანი, 1920 წ.

604. “ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ მეფობით, თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყველასა სეფობით დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით, ჩემი ვერ ჰსცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით”.

ფრიდონის მიერ ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ოდეს ტარიელს უამბო

605. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით, ზღვასა ზედან წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით ფრიდონ მითხრა: “გითხრობ რასმე”, – ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით, “ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით”.

606. “მე ვკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა: “დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევსჯე ამა ჩემსა ცხენსა – ზღვათა შიგან იხვსა ჰგვანდა, ხმელთა ზედა შავარდენსა, – აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.

607. “ზოგ-ჯერ ზღვითკენ მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა. ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ-აქვს მისა სწორსა, ვერად ვიცან, გავეკვირვე გონებასა ამად ორსა.

608. “ვთქვი, რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია, ანუ მხეცი, ნავი იყო, გარ ეფარა სამოსელი მრავალ-კეცი წინა კაცნი მოჰზიდვიდეს, თვალი ამად დავაცეცი, მთვარე უსჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასცა ვეცი.

609. “ამოძვრნეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი. ქალი გარდმოჰსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი. მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისან,. მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი.

610. “სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, დაცამლეწა, იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ იახეწა; დავაპირე შეტევება, ვთქვი, წავიდე მათკენ მეწა, ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა.

611. “ცხენი გავქუსლე, იქმოდის შამბი ხმასა და სრიალსა, ვეღარ მივუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა. ზღვის-პირსა მივე, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა”.

612. “ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე, ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე, ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე. – მომკალ თუცა უჩემოსა ენახამცა ვისცა ის ხე!”–

613. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, მეტად ეუცხოვა; მაგრა მეტად შეველბრალე, ტირილითა მესათნოვა, ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა, თვალთა, ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოჰთოვა”.

614. ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცდარმან, შმაგად”. მოვახსენე: “ნურა გაგვა, ნუ ინაღვლი მაგას მაგად. იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად აწ გიანბობ, რადგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად”

615. “ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი ჩემი, თავსა გარდასრული მან მითხრა, თუ: “რას ვიტყოდი მოცთომილი, გაბასრული. შენ მაღალი ინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ მოსრული, სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული”.

616. “კვლავაცა მითხრა: “ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს, მას ლახვარსა მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს, იგი მოგვცემს წყალობასა მისა, ზეცით მოგვიქუხებს, ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არა ოდეს შეგვაწუხებს”.

617. “წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა ფრიდონს ვუთხარ. ჩემი შემწე შენგან კიდევ არა ვინა, ვითა ღმერთმან შენი მზგავსი სოფლად არა მოავლინა, მაშა რადგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა.

618. “არავინ გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად, ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად, თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერდამყოფელი წამისად”.

619. “მან მითხრა: “ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი: მოსულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი,. მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი, ერთი ვარ მონა მონებად, წინაშე თქვენსა მდგომელი.

620. “ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველ-გნით მავალთა, შემომკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა აქა მოგვესმის ამბავი, შენ რომე დაუწვავ ალთა. ნუ-თუ ქმნას ღმერთმან გარდახდა მაგ შენთა ჭირთა და ვალთა”.

621. “ჩვენ გავგზავნოთ მენავენი, რომელთაცა კვლავ უვლია, მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გვაკლია, მუნამდისცა მოიჭირვე, გონებამან არ დაგლია. დაყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია”.

622. “კაცი ვუხმენ მასვე წამსა,ესე საქმე დავიურვეთ, უბრძანა თუ: “ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ, მოგვინახეთ, საყვარელსა მისა მისთვის მოასურვეთ, თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ, ანუ ურვეთ”.