ვეფხისტყაოსანი, 1920 წ.

527. “ასრე ჰქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო, მიპარვით მოჰკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო,” მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა, ვითა ვირთაო, სისხლი კაცისა უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო.

528. “იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა, ჰკადრე თუ, “სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა, ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა, არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა.

529. “ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნურცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკდომა ხელთა მოგცემ თავსა ჩემსა, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა”.

530. “ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა, ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვე ქვე წვევა. მწადდა, მაგრა ვერ შევმართე შემოჭდომა, შემოხვევა.

531. “ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯელ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთ-ხელი, მერმე წარსლვა არა მწადდა, ამად მივალ არ ფიცხელი”.

532. მოვიდა კაცი,სასიძო მოვაო, მოსლვა გვახარა, მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ არა მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა, მიბრძანა, ახლოს მიმისვა, “მოდიო”, თავი დაჰხარა.

533. “მიბრძანა: “ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია, გარდავიხადოთ ქორწილი, ჰხამს ვითა დასა, სრულია; კაცი გავგზავნოთ, მოიღონ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, უხვად გავცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე-უმეცრულია”.

534. “მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ დამზმელნი შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოჰსდგეს ხვარაზმელნი მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ველნი.

535. “მეფემან ჰბრძანა: “მოკაზმეთ კარვითა მოედანია, გამოისვენოს სიძემან, დაჰყოს ცოტაი ხანია მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია, შენ აქა ჰნახენ,ნუ წახვალ, – შენგან ესეცა კმანია”.

536. “მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა მოვიდა სიძე, გარდახდა, – დღე ჰგვანდა არ აღვსებისა – შეიქმნა გასლვა შიგანთა ჯარია მუნ ხასებისა, დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.

537. “მე დავშვერ, ვითა წესია საურავ გაშდახდილისა შინა წამოველ მაშვრალი, ქმნა მომნდომოდა ძილისა მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: “ადრე მოდიო, გიბრძანებს მზგავსი ალვისა ზრდილისა”

538. “ცხენისაგან არ გარდავხე, წაველ ფიცხლად დავმორჩილდი, ქალი დამხვდა ნატირები, ვკითხე: “ცრემლსა რასა მილდი. მითხრა: “შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავცილდი, გაუწყვედლად ვით გამართლო, რაგვარადმცა გავაქილდი”.

539. “შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე, – მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე . – წავდეგ, მიბრძანა: “რასა დგი, დღე მიგიჩნს წინ საომარე ანუ გამწირე, მიტყუე და კვლავცა მოიმცდომარე?”

540. “მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი. უკუვყივლე: “აწ გამოჩნდეს, – არ მინდოდეს, ვისცა უნდი, ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი, შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

541. “ასსა ვუბრძანე მონასა,საომრად დაემზადენით; შევსხედით, გავლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით. კარავსა შეველ, სასიძო ვითა წვა, ზარმცა თქმად ენით, უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა, თუცა ხმდა სისხლისა დენით.

542. “კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე. წინა მწოლთა დაიზახეს, გლოვა მიჰხვდათ საარაკე, ცხენსა შევსჯე, წამოცავე ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

543. “ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი წამოველ, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, მუნ შიგან შეველ მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი.

544. “კაცი გავგზავნე, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა: “აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა” არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა, ჩემი რა ჰსცნიან, ჰსცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა.

545. “ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად. ებრძანა თუ: “ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად,

546. “ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე, თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე, მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე, დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე”.