ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

583. “ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად, ვნახე სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად; ებრძანა, თუ: “ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?

584. “ხუარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე? თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? მე, ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე, დღედ სიკუდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!”

585. “მე შეუთვალე: “მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თუარა რად მიშლი სიკუდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა; მაგრა, თჳთ იცით, ჴელმწიფე ჴამს მქნელი სამართალისა, მე, თქუენმან მზემან მაშოროს ნდომა თქუენისა ქალისა.

586. “იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა საჯდომია! — ერთი ღა მე ვარ მემკუიდრე, ყუელაი თქუენ მოგჴდომია: ამოწყდა მათი ყუელაი, მამული თქუენ დაგრჩომია; დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია!

587. “ვერ გათნევ, თქუენმან კეთილმან, აწ ეგე არ მართალია: ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთი ღა ქალია, ხუარაზმშა დასვა ჴელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია? სხუა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მერტყას ჩემი ჴრმალია?

588. “შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე; ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე შენგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა აღმოვჰფხურიდე, სხუას მეშველსა გარეგანსა, მამკალ, ვისცა ვინატრიდე!”

ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა

589. “ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე. რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე. მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე, მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.

590. “გამოჩნდეს ორნი ქუეითნი, მე მივეგებე წინარე. ქალი ჰყუა ერთსა მონასა, ვსცანცა, თუ მოღმა ვინ არე: თავ გაგლეჯილი ასმათი, პირსა სისხლ ჩამომდინარე, აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა რე.

591. “იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა; შორით უჴმე: “რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგუდაგნა?” მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყუანი გამოაგნა; მითხრა: “ღმერთმან სიმგრგულე ცისა ჩუენთჳს რისხვით წამოგრაგნა”

592. “ახლოს მიველ, კულაცა ვჰკითხე: “რას შიგან ვართ, თქუი მართალი!” კულა საბრალოდ ამიტირდა, კულა მოედვა ამით ალი, დიდხან სიტყუა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი, მკერდსა წითლად უღებავდა სისხლი ღაწუთა ნაწვეთალი.

593. “მერმე მითხრა: “მოგაჴსენებ, ესე რადმცა დაგიმალე, მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა ეგრე შემიწყალე: ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიწყალე, შემიბრალე, დამჴსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე!”

594. “მიამბო: “ოდეს სასიძო მოჰკალ და ჴმა დაგივარდა, მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარადა, შენ დაგიზახნა: “მიჴმეთო”, ჴმა მაღლა გაჴმამყივარადა; მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამოჩივარდა.

595. “ჰკადრეს: “აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან”. მეფე ბრძანებს: “ვიცი, ვიცი; მეტად კარგად შემიგნიან: მას უყუარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანერთი, არ შეხედვა ვერ დასთმიან.

596. “აწ თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა; მე ღმრთისა უთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა; მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა? თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო, მისად პატიჟად მზად ესა”.

597. “მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის, და, თუ ფიცის, არ გასტეხის, მასვე წამსა დაამტკიცი. ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

598. “დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან: “თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან”. მან აგრე თქუა: “უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან! ვისგან მოვკუდე, ვისთჳს წავჴდე, მიიხვედროს იგი ვერმან”.

599. “პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხველ შენ ოდეს: შენეულნივე რიდენი ებურნეს, ტურფად შვენოდეს. დავარ მოსთქმიდა სიტყუითა, რომელნი არა მსმენოდეს: “ბოზო, შენ ბოზო, რად მამკალ? ვეჭუ, შენცა არა გლხენოდეს!

600. “როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკულევინე? ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე? არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი. რა გიყავ, რა გაქნევინე? აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიხუდე, ვის ესე დააშლევინე!”

601. “ჴელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოუქუშნა. მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულ თქნა, ოდენ უშნა, ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა.