... (H-1128), XIX ს.

431. ქედსა რასმე გარდავადეგ მინდორს მტვერი დავინახე ვთქვი თუ მოვა რამაზ მეფე ჩემთვის უდგამს თუცა მახე ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი შუბი ახე მაშინ უთხარ სპათა ჩემთა სახე დიდი დაუსახე

432. ვთქვი თუ ძმანო ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან ვინცა მოკვდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიან აწ შევებნეთ ხატაელთა ჴრმალნი ცუდად რას გვაბიან

433. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ ჯავშანითა ქაფითა რაზმი დავაწყევ მივმართე წაველ დიდითა სწრაფითა მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა

434. მივეახლენით შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარცმულობა კაცი მოვიდა მამართვა მეფისა მოციქულობა ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა აბჯრითა გხედავთ შეგქვნია აწ ამად გულ ნაკლულობა

435. შევსთვალე თუ მეცა ვიცი რაცა ჩემთვის გაგიგია თქვენ რასაცა სთათბირობდით არ იქმნების არ იგია ბრძანეთბ მოდით შემებენით ვითა წესი და რიგია მეც რა თქვენთვის დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია

436. რა მივიდა მოციქული კვლავმცა რადღა გამოგზავნეს კვამლი შექნეს ლაშქართათვის დამალული გაამჟღავნეს სამალავით ამოვიდნეს თავნი ორგნით აქარავნეს შეჰქნეს რაზმი მრავალკეცი თუცა ღ~თო ვერა მავნეს

437. შუბი ვთხოვე ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად ერთსა წავსწვდი უტევანსა წავგრძელდი და წაველ გრძელად მათ ურიცხვთა რაზმი ეწყო წყნარად დგეს და აუშლელად

438. ახლოს მიველ შემომხედნეს შმაგიაო ესე თქვესა მუნ მივმართე მკლავ მაგარმან სად უფროსი ჯარი დგესა კაცს შუბი ვჰკარ ცხენი დავეც მართ ორნივე მიხდეს მზესა შუბი გატყდა ჴელი ჩავყავ ვაქებ ხრმალო ვინცა გლესა

439. შიგან ასრე გავერივე გნოლის ჯოგსა ვითა ქორი კაცი კაცსა შემოვჰტყორცე ცხენ კაცისა დავდგი გორი კაცი ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი ერთობ სრულად ამოვწყვიტე წინა კერძი რაზმი ორი

440. ერთობილნი მამეხვივნეს მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგის სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი სითაც ვიყვი გამექციან მათ შექნიან ჩემი რიდი

441. საღამო ჟამ დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან ნუღარ სდგათ წაედითო კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან მოვა მტვერი საშინელი შეგვაშინა ამად ამან ნუთუ სრულად ამოგვწყვიტნეს უთვალავმან ბევრმან სპამან

442. ჩემნი ლაშქარნი რომელნი წამომეტანნეს მე არა რა ეცნათ წამოსულიყუნეს ღამე წამორთვით ეარა ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა იარა გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა ბუკმან ჴმა გაიზიარა

443. იგი ნახეს გასაქცევლად გაემართნეს შევჰკივლენით ველნი ჩვენგან ნაომარნი ომითავე გარდავლენით რამაზ მეფე ჩამოვაგდე ერთმან ერთსა გავეხმლენით მისნი სპანი ყველანივე დავიპყრენით არ მოვკლენით

444. უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა დაუწყეს პყრობა ჩამოყრა შეშინებულთა ძლეულთა ძილისა მიხვდა ნაცვლი ძილ მკრთალთა ღამე თეულთა ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა მართ ვითა სნეულთა

445. მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად ხელსა ხრმლითა დავეკოდე წყლულად მაჩნდა არ ნაღებად ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად

446. ერთსა კაცსა ეყოფოდეს დიდებანი რომე მჭირდეს ზოგთა შორით დამლოციან ზოგნი კოცნად გამიპირდეს რომელთაცა გავეზარდე დიდებულნი ამიტირდეს ჩემგან ჴრმლითა განაკვეთნი ნახეს მეტად გაუკვირდეს

447. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი ალაფი ავაღებინე ერთობ სავსენი მოვიდეს თავი ვაალაღებინე სისხლითა მძებნელთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე არ ვბრძოლე კარი ქალაქთა უომრად ავაღებინე

448. რამაზს ვარქვი შემიგნია საქმე შენი სამუხთალე აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე სიმაგრეთა ნუ ამაგრებ ყველა ჴელთა მამათვალე თვარე შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე

449. რამაზ მითხრა აღარა არის ამის მეტი ჩემი ღონე ერთი ჩემი დიდებული მამეც ზედა მაპატრონე ციხოვანთა გაუგზავნო საუბარი გამიგონე ჴელთა მოგცემ ყველაკასა გაღანამცა შენ გაქონე

450. მივეც ერთი დიდებული თანა სპანი წავატანენ ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ ჴელთა მამცეს სიმაგრენი ომი ასრე შევანანენ საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგვანენ