... (H-1128), XIX ს.

316. ასმათ შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ მიხდილისა მზესა მე ვსჯობდი შვენებით ვით ბინდსა ჟამი დილისა იტყოდეს ჩემნი მნახავნი მსგავსია ედემს ზრდილისა აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა

317. მე ხუთისა წლისა ვიყავ დაორსულდა დედოფალი ესე რა თქვა ყმამან სულთქმნა ცრემლით ბრძანა შობა ქალი დაბნედასა მიეწურა ასმათ ასხა გულსა წყალი თქვა მაშინვე მზესა გვანდა აწ მედების ვისგან ალი

318. ქება არ ითქმის ენითა აწ ჩემგან ნაუბარითა ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ გვარითა საჭურჭლე გასცეს აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა

319. საშობელი გაიყარა ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა მართ მაშინვე გვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა უყვარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა აწ ვახსენებ ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა

320. ყმა დაბნდა რა სახელისა ხსენებასა მიეწურა ავთანდილსცა აეტირა მისმან ცეცხლმან გულსა მურა ქალმან სულად მოაქცია მკერდსა წყალი მოაპკურა თქვა ისმენდი მაგრა ჩემი სიკუდილისა დღე დასტურა

321. მას ქალსა ნესტან დარეჯან იყო სახელად ხმობილი შვიდისა წლისა რომ შეიქნა ქალი წყნარი და ცნობილი მთვარისა მსგავსი მზისაგან შვენებით ვერ შეფრობილი მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასად წდობილი

322. იგი ასრე მოიწიფა მე შემეძლო შესლვა ომსა მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქნისა მწთომსა მამასავე ხელთა მიმცეს რა შევიქენ ამა ზომსა ვბურთობდი და ვნადირობდი ვით კატასა ვხოცდი ლომსა

323. მეფემან სახლი ააგო შიგან სამყოფი ქალისა ქვად ფაზარი სხდა დათლილი იაგუნდისა ლალისა პირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა იგი მუნ იყვის მედების ვისგან სახმილი ალისა

324. დღე და ღამე მუჯამრითა ეკმევოდის ალვა თლილი ზოგჯერ კოშკს ჯდის ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი დავარ იყო და მეფისა ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი მას სიბრძნისა სასწავლებლად თვით მეფემან მისცა შვილი

325. სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა ვერვინ ვხედევდით შეიქნა პირითა მინა ვარდითა ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან იმღერდის ნარდითა მუნ იზრდებოდის ტანითა გაბაონს განაზარდითა

326. თხუთმეტისა წლისა ვიყავ მეფე მზრდიდა ვითა შვილსა დღისით ვიყვი მას წინაშე გამიშვებდის არცა ძილსა ძალად ლომსა თვალად მზესა ტანად ვგავდი ედემს ზრდილსა სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქნილსა

327. მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგა რეულმან მერმე ვიბურთი მოედანს მინდორით შემოქცეულმან შევიდი შევქმნი ნადიმი ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ ბალახშეულმან

328. მამა მამიკვდა მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა ქნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა მათ გაუხარდეს ვის ზარი დალევდა მტრისა შიშისა ერთგულთა შექნეს ვაება მტერთა ხსენება იშისა

329. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯექ საწუთრო გაცუდებული დღისით და ღამით ვაებდი ვერვისგან სულ დაღებული გაყუანად ხასნი მოვიდეს მითხრეს მეფისა მცნებული ებრძანა შვილო ტარიელ ნუ ხარ შავითა ღებული

330. ჩვენ უფრო გვტკივის იგი ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა ასი ებოძა საჭურჭლე ებრძანა ახდა შავისა ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა შენ გქონდეს ამილბარობა ქნა მისვე საურავისა

331. ავენთი დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტელთა უკანით გამომიყვანეს ხასთა მათ წინამდგომელთა გამოსლვისათვის ზეიმი შეჰქნეს ინდოეთს მფლობელთა შორს მამეგებნეს მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა

332. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს პატივი მცეს ძისა დარად მის ჴელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად არ მამეშუნეს დავმორჩილდი თაყვანის ვეს ამილბარად

333. აღარა ვიცი დამვიწყდეს თუცა დიადი წელია გიამბო ჩემი ანბავი განა რაზომცა ძნელია ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქნელია მისთა ნაკვეთთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია

ანბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გამიჯნურდა

334. კულავ დაიწყო თქმა ანბისა მან რა ხანნი მოიტირა დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით გვენადირა მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ ჴელი ჴელთა დამიჭირა მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გვიკვირა