ვეფხისტყაოსანი, 1920 წ.

176. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს: საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, დაცაეზროს ვის ბალახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს, იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.

177. ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა, დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ მზღვართა არე იარა, მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა სთქვა: “თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა”.

178. ახალმან ფიფქმან დასთოვა, ვარდი დათრთვილა, დაჰნასა მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა თქვის: “ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ან ასა, მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა”.

179. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო სჭკნებოდა, გულსა უთხრის თუ: “დათმეო”, ამად არ დია ბნდებოდა. უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა. მგზავრთა კითხევდის ამბავთა, მათ თანა ემოყვრებოდა.

180. მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა ჰსდის ზღვათა შესართავისად, უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად. თქვის: “საყვარელო, მოგშორდი გული შენ დაგრჩა, ვსთქვა ვისად, შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად”.

181. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა, ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არ იარა; მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა, ამაშიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.

182. მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თვე ერთ კაცსა ვერა ჰნახავს, ვერას შვილსა ადამისა იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა, დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისა.

183. მას მიჰხვდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა გამოჰსჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა, მის მთისა ძირსა წყალი ჰსდის, არად სანდომი ხიდისა, ორ-გნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

184. ზედ წაასდგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორანიღაა, ამად სულსთქვამს, ამად იშობს. “ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს”,კვლავ ამისთვის გულმოშიშობს “ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”.

185. საგონებელი შეექმნა, დასდგა საქმისა მრჩეველად. სთქვა: “თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად, ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად, მისი ვერა ვსცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად,”

186. “თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი, რომელსა ვეძებ, ვერა ვცნე ამბავნი მე მისთანანი, დრო გარდაუწყდეს შერმადინს, შეჰრჩეს ღაწვისა ბანანი, მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი”.

187. “უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული მათ შეჰქმნანნ გლოვა,ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი, სადმე სხვაგან მე რებული”. ამას იგონებს ტირილით გონება,შეიწრებული.

188. იტყვის: “ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ, მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ. გულით ჩემით სიხარულნი აღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერა ოდეს დავიყუდენ”.

189. კვლავცა იტყვის: “დათმობა ჰსჯობს”, და თავსავე ეუბნების: “დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების, უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების, განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების”.

190. “ყოვლნი არსნი ცათ-ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან, მაგრა საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგიან. უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად სთქვიან, აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან”.

191. მობრუნება დააპირა, სულთქნა, მერმე ივაგლახა, მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოჰსახა თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა, მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

192. თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესითა, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა, ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა, შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

193. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირემ მწვადი შეიწოდეს ექვსნი რამე ცხენოსანნი ჰნახა, მისკენ მივიდოდეს სთქვა;“თუ ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს. აქა კაცი ხორციელი კვლავ ყოფილა არაოდეს.

194. ხელთა ჰქონდა მშვილდ-ისარი, მათკენ მივა მხიარული. ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ სული.

195. უყივლა თუ: “ძმანო, ვინ ხართ, მეკობრეთა დაგამზგავსენ”. მათ მიუგეს: “დაგვიწყნარდი, გვიშველე და ცეცხლნი ავსე, ვერა გვარგო, მოგვიმტკივნე, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ, სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ”.