ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

138. სთქვა: ,,მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე, ბროლი და ლალი გავსრულვარ ქარვისა უყვითლესადრე, მაშინ რაღა ვქმნა, ვერ-ჭვრეტა რა მომხვდეს კვლავვ უგრძესადრე? ჰხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიძს წესადრე,,.

139. საწოლს დაწვა, სტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების, ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების; რა მილულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების, შეჰკრთის, დიდი დაიზახის, მით პატიჟი ეოცების.

140. მოშორება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ; ცრემლსა, ვითა მარგალიტსა ჰყრის ვარდისა დასანაზოდ; რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ, ცხენსა შესჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.

141. დარბაზს ეჯიბი შეჰგზავნა, მართ მისგან შენარონია, შესთვალა: ,,გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია: ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია, აწ თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან რაცა გარემონია,,.

142. ,,მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო, თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო, მორჩილ-ქმნილი გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო, ძღვენნი გკადრნე ზედა-ზედა, არ სალამი დავაძვირო,,.

143. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა, ეჰბრძანა: ,,ლომო, არა გჭირს შენ ომთა გამდრეკელობა, აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა, წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!,,

144. ყმა შევიდა, თაყვანი-სცა, მადლი რამე მოახსენა: ,,ხელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა, აწ ნუთუ კვლავ სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა, პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლავ მიჩვენა,,.

145. მეფე ყელსა მოეკიდა, გარდაჰკოცნა ვითა შვილი, – სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი; – ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი უჩნს გაყრილი; როსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი.

146. გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი, ოც დღე იარა, ღამესა დღეზედა წაჰრთო მრავალი. იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი, არ მისცილდება თინათინ მისი მას, ვისგან სწვავს ალი.

147. რა მოვიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა; მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა. იგი პირ-მზე არ მოსცდების სიარულსა სასწრაფოსა; მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.

148. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა, გარე კლდე იყო, გიამბობ, ზღუდესა უქვითკიროსა, ყმამან მუნ დაჰყო სამი დღე ამოსა სანადიროსა, გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.

149. ესეა მონა შერმადინ, ზემოდცა სახელ-დებული, თანა-შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავ-დადებული; მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული; აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.

150. უჰბრძანა: ,,აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან, ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან, მაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან! მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

151. ,,მოვუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა; ცხელნი ცრემლნი ასველებდეს ნარგიზთაგან ვარდსა ზრულსა, ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა, აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა,,.

152. ,,მიბრძანა: ,,მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა, მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა, ქმარი არ მინდა უშენოდ, მომხვდების ხისა რგულისა! მომცა წამალი გულისა, აქამდის დაკარგულისა.

153. ,,პირველ ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად, ჰხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად; მერმე ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად, – ჰხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად.

154. ,,ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა, ამისთვის გნუკავ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა; ჩემ-წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა, ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.

155. ,,ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი; დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი; წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი, აქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!

156. ,,ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე, აქათ სამ-წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე, მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დასჭკნა ხე, არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.

157. ,,მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია, აცნობე ჩემი სიკვდილი, იყავ მართ ვითა მთვრალია; მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია, გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.