ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა; წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა, ვეზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

60. ,,დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო! მართალ-ხარ, –წაჰხდასაჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო; ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო, ყოლამცა მეფედ ნუ დაჰსვი, თავსა რად უგდე ჭირიო?,,

61. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა, გაუკვირდა, ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაჰბედნა? ,,კარგა ჰქმენო,,, დაუმადლა, წყალობანი უიმედნა; ჩემი ზრახვა სიძუნწისა, სტყუის, ვინცა დაიყბედნა!,,

62. ,,ეგე არ მიმძიმს, ვეზირო, ესეა რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლიე სიყმაწვილისა დღენია, კაცი არ არის, სითგანცა საბრძენებელი ჩვენია, რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.,,

63. ,,ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა, ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, ვარ საწუთროსა თმობითა, ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლავ ბურთაობითა; ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე განაზრდობითა,,.

64. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველსა მოაფენდა. მეფე ჰკითხავს: ,,რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?,,

65. კვლავ უჰბრძანა: ,,თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?,, ყმამან ჰკადრა: ,,მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გარისხდე, არ გასწყრეო, არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამაზეო,,.

66. უბრძანა: ,,რამცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!,, ჰფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა; ავთანდილ იტყვის: ,,დავიწყო კადრება საუბარისა: ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.

67. ,,მიწამცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია; ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენივე ყმანია; მოასპარეზედ ვინ მგავსო!? – ცუდნიღა უკუთქმანია – გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!,,

68. ,,მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა, ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა, კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა, მერმე გამოჰჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდეს ქებასა!,,

69. ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს, იცინოდეს, ჰყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს: ,,ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამდღე ვლიდეს.,,

70. კვლავ ჰბრძანა: ,,მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად; თორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად; <<ერთია შენი შერმადინ, არს მათად დასადარებლად, – ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად.>>

71. მონადირეთა უჰბრძანა: ,,მინდორნი მოიარენით, <<დასცევით ჯოგი მრავალნი, თავნი ამისთვის არენით.>> ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: <<მოდით და მოიჯარენით.>> გაჰყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით.

72. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახჩოსანი, პირს ოქრო რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.

73. შეეკაზმა მეფე, შესჯდა, ნადირობას გამოვიდეს, მგვრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს; ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს; ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან ჰსრვიდეს.

74. უბრძანა: ,,მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა,,. დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.

75. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწდომელი, ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხტომელი; მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

76. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს, მიჰხოცდდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს; რა ისარი დაელივნის, მონანი ყე მოართმიდეს; მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.

77. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დაჰხოცეს და ამოწყვიტეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს; ავთანდილის შემხედველთა: ,,ჰგავსო ალვას, ედემის ხეს,,,

78. იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია, მინდორსა იქით წყალი სდის და წყლისა პირსა კლდენია; ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა ჰრბის ცხენია, იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.