ვეფხისტყაოსანი, 1975 წ.

1431. ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი, კბილნი ბროლნი და ბაგენი, სადაფთა მოსადაფენი: ,,უთქვენოდ მყოფსა არ გვინდან ნიშაგნი, სა-ჩანგ-დაფენი, მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ მოსწრაფენი.

1432. ,,შენ იყავ ჩვენი მშობელი და ჩვენი საესავიო, მაგრა ამასცა ვიაჯით გვიბოძო ერთი ნავიო.” მეფემან ბრძანა: ,,არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო, რათგან ისწრაფი, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!.”

1433. მეფემან ნავი-ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა. გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა, თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა, ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.

1434. გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა, კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა; შვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ-უიცართა, ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.

1435. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად, კვლა ფრიდონის თავადთასა – ნაომართა მათთა მთხრობლად; ,,მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად, ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ გავხდებით დაუზრობლად.”

1436. იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა, მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა; მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა, მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.

1437. მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები. ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები, ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გახსნის ცულები, აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.

1438. ნესტან-დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა; უბრძანა: ,,ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა, აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან მისი არ-სიძვირით ა; მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!.”

1439. ასმათ ჰკადრა: ,,მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი, ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი, სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდეს გნახენ მხიარულნი.” სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი.

1440. დიდებულთა თაყვანის- სცეს, მოახსენეს დიდი ქება: ,,რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი ღმრთება! ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება, წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უც განკურნება».

1441. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაკოცნეს. მეფე ეტყვის: ,,ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს, იგი შვება საუკუნოს ცხადად პოვეს, არ იოცნეს, ერთსა მიხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.

1442. ,,თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია, მაგრა მათ მიხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია.” ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია, ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია.

1443. მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს, რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს; დადუმდეს და მოახსენეს: ,,რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს, თქვენთა მჭვრეტთა მღერა მართებს, რასათვისმცა ივაგლახეს!

1444. ,,ვინ ღირს-ა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა! თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა.” კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: ,,ნურათ იქმ გამწარებასა, ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!.”

1445. ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყვის დიდსა სიმძიმილსა; მათ შეასხეს ქება, უთხრეს: ,,თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა, რათგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა, აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა.”

1446. მივიდეს, სადა ქალაქი, დიდი მულღაზანზარია; სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია, დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია, მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.

1447. შუკათა მოდგნეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია, შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია. მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია, მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.

1448. გადახდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები. გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები, ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები, თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან - დარეჯანისა ფრიდონისაგან

1449. მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული, წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული; ავთანდილისთვის – ყვითელი და შავი ერთგან რეული; მოვიდეს, დასხდეს; მჭვრეტელი ვცან მათი სულ-დალეული.