ვეფხისტყაოსანი, 1975 წ.

1568. სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

1569. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან; ,,თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი”, –მართ ამას მოიტყოდიან; ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან, სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1570. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკვდომილსა: ,,რაცა შენ ჰქმენ არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა, ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

1571. ,,ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე, სამეფოსა აპატრონე; მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!.” ასმათ ფერხნი გარდუკოცნნა: ,,შენგან-აო ჩემი ღონე, მონობისა უკეთესი რამც ვიშოვე, რამც ვიქონე?.”

1572. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია; თამაშობდიან, უსახო მოუდიოდეს ძღვენია; რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია! მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

1573. ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა, უბრძანებდა: ,,გული, შენი, განაღაცა მომემდურვა; აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა, მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ჩემი დამიშურვა.”

1574. კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: ,,წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედა-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა; სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა, შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა.”

1575. მასცა უბოძა ფარმანი: ,,წა, სახლი მოიარეო, მე ნუ გამწირავ, მნახევდი, ადრე მობრუნდი გარეო.” ავთანდილს უთხრა: «უშენოდ რამცა ვით გავიხარეო? რათგან ისწრაფი, ნუ გაგვა მოგელის ლომსა მთვარეო!.”

1576. როსტენისთვის წაატანა ძღვნად ტურფები ჯუბაჩები, კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები. ,,ჩემ მაგიერ მიუტანე, წაო, ნურას მეურჩები». ავთანდილ თქვა: ,,არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!”.

1577. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი, – წამღებელმან ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე, – ღამე მზეებრ განანათლის, ჩნდის, სადაცა შეხედვიდე.

1578. ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა; იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა; სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; ავთანდილ იტყვის: «მომკლაო სოფლისა მე სამსალამა».

1579. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაყარნა, წავიდეს თავის–თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი, ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

1580. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან; ნახა მზე მისი, მირიდა მისთა სურვილთა წყენამან; მის თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან, გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1581. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს, მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1582. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ–ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან სძოვდეს.

დასასრული

1583. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა; გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა! ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა, ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა დამისა.

1584. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის – მზე – მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად.

1585. დავითის ქნანი, ვითა ვთქვნე სიჩალხე-სიხაფეთანი! ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

1586. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი! რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ? ბედია მაყივნებელი, ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.