ვეფხისტყაოსანი, 1975 წ.

1549. როსტევან ეთქვა: ,,მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა? რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა, ავთანდილ თანა წამოგყვეს,წადით ლაშქრითა დიდითა. თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, და-ცა-სჭრიდითა.”

1550. ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები. მან უთხრა: ,,გაე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები, ახალ შეყრილსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?.” ავთანდილ უთხრა: ,,მაგითა შენგან არ მოვიღორები.”

1551. ,,არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად! «ცოლი უყვარსო, გამწირა» იყო ამისად მსახავად; მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად? კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ ავად!.”

1552. ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთათ ფრქვევასა, უბრძანა: ,,ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა; რათგან გწადიან, წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა.” ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წვევსა.

1553. შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია; კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია. კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია. არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნაღველ-ჭმულია.

1554. ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი, ერთმანერთისა დად-ფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი, მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელისა გარდაჭდობილნი, ტიროდეს; მათთა მჭვრეტელთა გულიმცა ესხნეს წდობილნი.

1555. მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა-შეესწოროსა, ორნივე სწორად ნათობენ, მოშორდეს, მოეშოროსა; არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა, მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ხამს, თავი იქედგოროსა.

1556. მათადვე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან, იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან, ვარდსა სწებენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან. მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.

1557. ნესტან-დარეჯან თქვა: ,,ნეტამც ყოლა არ შემოგმცნებოდი, მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავჭნებოდი. ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი, ვითა მე შენთვის დამწვარვარ, აგრევ შენ ჩემთვის ჰბნდებოდი.”

1558. თინათინ უთხრა: ,,ჰე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო, რადმცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო! ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო, აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!.”

1559. კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი; ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი; იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი, რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.

1560. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების, ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების, ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების; ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.

1561. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით; იტყვის თუ: ,,თქვენი სიახლე მიჩს აქამდისცა ოცებით; რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით, შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით.”

1562. ტარიელ შეჯდა მეფისა გამყრელი, გამომსალამე; სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე: ,,მზე შენ გელისო საომრად და თავი შენ მას ალამე.” უბრძანა: ,,თქვენთვის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალა მე!.”

1563. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა, ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა, კაცი ორმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა, მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.

1564. სამთავე ვლეს, – ღმერთსა მათებრი სხვა ნურა ნუ დაბადოსა! მოეგებიან; მტერობა ვერავინ დაიქადოსა! მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა, ვითა მართებდათ, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა

ქორწილი ტარიელისა და ნესტან - დარეჯანისა

1565. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი – შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი, ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

1566. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს; ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს; მისცა კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს; ,,ესეაო მეფე ჩვენი”, – იზახდეს და ამას ხმობდეს.

1567. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს;– ზედა დასხდეს ხელმწიფურად,– დიდებანი უდიადნეს, ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რა დაბადნეს! ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.