ვეფხისტყაოსანი, 1975 წ.

1392. ფრიდონ უთხრა: ,,შემიგია, გამიგია, ვიცი მე რა, მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კარსა ვერა; ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა.”

1393. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა. ამას ზედა გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა, ერთმანეთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა, გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.

1394. კვლა ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები, დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები: გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები, ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

1395. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა; მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა; ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა, დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

1396. ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია: რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია, მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1397. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწვდომნია, მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია; მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია, აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნენ ფიცხელი ომნია!

1398. სამთავე სამად გაიყვეს, თვითომან თვითო კარები; თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები. მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები, გათენდა, გაჩნდეს, მიმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები.

1399. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად, მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახვდეს გულ-ხმიერად; გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად, მიდგეს გარე, მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად.

1400. ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი. რა ნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი. სამთავე სამგნით მიმართეს, თავის მით უყვეს რიალი, იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.

1401. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა: კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა; მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა, ველნი მკვდართა ვერ იტევდეს გადიადდა ჯარი მკვდრისა.

1402. კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა, აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდა, სიმაგრე ჯავშან-ქაფისა. სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ნახეს კაფისა, რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.

1403. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს, მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს, უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს, თქვეს: ,,ტარიელ რა იქნაო?” მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.

1404. ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიერისა. ციხესა კარსა მიმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა; მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა, ათი ათასი ნობათი, უსულო, მსგავსი მტვერისა.

1405. ციხისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული, თავით ფერხამდის დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული, ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული, ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: ,,საქმე არს მისეული.”

1406. გზანი დახვდეს შეკაზმულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა, ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა, მუზარადი მოეხადა, შვენის აკვრა თმასა ლელსა, მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.

1407. ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს; ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს; მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს, აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.

1408. მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი. კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი. აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი, მას მზესა მისცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ხმობილნი.

1409. მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა, აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა, მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა, ორივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბნარითა.

1410. ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს, მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოკითხეს; არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს, თავნი მათნი გაალომნეს, მათი მბრძოლი იშვლეს, ითხეს.

1411. სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა; ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთ-კერძ უხაროდა: მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა, რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვა ვით ითქმოდა!