ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

1411. “რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი, ღმერთი იწადებს, მომივლენ გულის სახმილთა ლხენანი; მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი, უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მი და მო რბენანი.

1412. მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი: “მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი? ვარ მუცლითგანვე დედისა თქვენად სამონოდ შობილი, ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი.

1413. “გებრძანა: “შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა”. ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა; მუნა მე ხრმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა, მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა.

1414. “ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე: ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე, გვერდსავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე, მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.

1415. “რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი, მაშინ-ღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი; ოდესცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი. სხვა თქვენგან არა არ მინდა, მძულან რასაცა თნებანი”.

1416. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი, მან ბრძანა: “მაგას არა ვიქმ, ამას არ უნდა მისანი. ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი, ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი!

1417. “მიდი, უთხარ ჩემმაგიერ სიტყვა ჩემგან არ-ნათნები: “მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები. ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა მისგან საყვარლები, ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთი ღა მოვბრუნდები”.

1418. “ესე უთხარ: “ამის მეტსა ჰმოციქულობ ნურას ნუო, ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო; მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო, ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო”.

1419. უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა: “არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისა ღა თქმულობა”. მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლ-ალმულობა. ასრე ხამს რიდი მეფეთა ყმათაგან მოკრძალულობა!

1420. ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად. ფერხთა ეხვევის, აკოცებს,აღარ შეხედავს ზე წელად; ეტყვის: “კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად, კვლა ნუ მიქმ ერთგულობისა გამტეხლად, და-ცა-მლეწელად.

1421. “რასაცა ლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია, გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია! მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია! ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია!

1422. “ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს, ვა თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს, ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს, შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს”.

1423. ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ-ნაფენამან, ხელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა, ააყენა მან: “მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან, მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.

1424. “დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა, მძულს გაუწყვედლად კუშტობა, და სულ-მძიმობა და დიდობა; თუ მოყვარეა გულისა, ქმნას ჩემკენ მონაზიდობა, თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა.

1425. “მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა, არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა. რადმცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა! ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.

1426. “ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით, რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით. რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით? დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით”.

1427. რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასლვასა არ დაშლიდა, არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა რთვიდა; ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა, თანა წაჰყვა, განაღამცა მასთანავე გზასა ვლიდა.

სამთაგანვე ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა

1428. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს, ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს, თავსა მისსა უკეთესსა უზადო ჰყოფს, არ აზადებს.

1429. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი, თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი, ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი მუნ ბადახშსა აშვენებდეს სინატიფე-სინაზენი.