ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

1373. ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა. ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა; უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა, პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთდეს, ვითა ხიდსა.

1374. მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა; ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერ-დანადები ფასისა, იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა, კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.

1375. ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა, უძღვნა შემკული თვალითა, იაგუნდითა წითლითა, ბადახშითა და ლალითა. დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა, მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.

1376. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო, დიდი ძღვენი: ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თვითო ცხენი, თვითო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი, მოახსენეს: “მადლი რა ვთქვათ, სვიანმცა-ა დავლა თქვენი!”

1377. ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა ტკბილითა ენითა: “დიდად ვიამე, მეფეო, პირველ, ნახვითა თქვენითა, მერმე აგვავსენ მრავლითა უცხოთა ტურფა ძღვენითა, ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა”.

1378. ზღვათა მეფე მოახსენებს: “ხელმწიფეო, ლომო, ქველო, მოახლეთა სიცოცხლეო, ვერ მჭვრეტელთა შორით მკლველო, მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო! რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!”

1379. ტარელ ფატმანს უბრძანა: “მე თავი შენი მიდია; დავ, ვალი შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია; აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია, მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია”.

1380. ფატმან ხათუნ თაყვანის-სცა, ჰკადრებს მადლსა მეტის-მეტსა: “მე,მეფეო, ნახვა თქვენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა; რა მოგშორდე, რა ვიქმნები, მე დამაგდებ, ვითა რეტსა. ახ, ნეტარძი მოახლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერა მჭვრეტსა!”

1381. ზღვათა მეფესა ეტყოდეს სამნივე შუქთა მაფენი, კბილნი ბროლნი და ბაგენი, სადაფთა მოსადაფენი: “უთქვენოდ მყოფსა არ გვინდან ნიშაგნი, ნა-ჩანგ-დაფენი, მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ მოსწრაფენი.

1382. “შენ იყავ ჩვენი მშობელი და ჩვენი საესავიო, მაგრა ამასცა ვიაჯით გვიბოძო ერთი ნავიო”. მეფემან ბრძანა: “არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო, რათგან ისწრაფი, რა გკადრო, წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო”.

1383. მეფემან ნავი-ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა. გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა, თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა, ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.

ტარიელისაგან ფრიდონისას მისლვა

1384. გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა, კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა; შვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ-უიცართა, ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.

1385. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად, კვლა ფრიდონის თავადთასა — ნაომართა მათთა მთხრობლად; “მანდ ამოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად, ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ ვიქმნებით დაუზრობლად”.

1386. იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა, მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა; მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა, მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.

1387. მუნ მიეგებნეს ყოველნი ფრიდონის დიდებულები. ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები, ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გახსნის ცულები, აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.

1388. ნესტან-დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა; უბრძანა: “ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა, აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან მისი არ-სიძვირით-ა; მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!”

1389. ასმათ ჰკადრა: “მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი," – ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი, – სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩნს, ოდეს გნახენ მხიარულნი, სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი”.

1390. დიდებულთა თაყვანის-სცეს, მოახსენეს დიდი ქება; “რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი ღმრთება! ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება, წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უც განკურნება”.

1391. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაკოცნეს. მეფე ეტყვის:”ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს, იგი შვებას საუკუნოს ცხადად პოვეს, არ იოცნეს, ერთსა მიხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.