ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

1509. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით; იტყვის თუ: “თქვენი სიახლე მიჩნს აქამდისცა ოცებით; რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით, შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით”.

1510. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა, ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა, კაცი ორმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა, მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.

ინდოეთს მისლვა ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა და ქორწილი მათი

1511. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი — შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი, ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

1512. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს; ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს; მისცე კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს. “ესეაო მეფე ჩვენი”, — იზახდიან, ამას ხმობდეს.

1513. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს; ზედა დასხდეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს, ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნი ღა რად დაბადნეს! ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

1514. სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

1515. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს ღმრთად ხადოდიან; “თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი”, – მართ ამას მოიტყოდიან; ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან, სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1516. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკდომილსა: “რაცა შენ ჰქმენ არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა

1517. “ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე; მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!” ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: “შენგან არის ჩემი ღონე, მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?”

1518. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია; თამაშობდიან, უსახო მოუდიოდეს ძღვენია; რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია! მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

1519. ტარიელ ცნა, — ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა, უბრძანებდა: “გული, შენი, ვიცი, ამად მომემდურვა; აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა, მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა.

1520. კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედა-ზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა; სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა, შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა”.

1521. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი, — წამღებელმან ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე, — ღამე მზეებრ გაანათლოს, ჩნდის, სადაცა შეხედვიდე.

1522. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაყარნა, წავიდეს თავის – თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი, ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

1523. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან; ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან; მას თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან, გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1524. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს, მოიმატეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1525. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს; ობოლ – ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს; ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

ვეფხის-ტყაოსანი ბოლო-თქმა

1526. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს მარებლად, ესე ამბავი გავლექსენ მე მათად საქებარებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად.