ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

1436. ასმათ ჰკადრა: “მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი, ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი, სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდეს გნახენ მხიარულნი, სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი”.

1437. დიდებულთა თაყვანი სცეს, მოახსენეს დიდი ქება; “რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი ღმრთება! ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება, წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უძს განკურნება”.

1438. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს. მეფე ეტყვის:”ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს, იგი შვებას საუკუნოს ცხადად პოვეს, არ იოცნეს, ერთსა მიხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.

1439. “თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია, მაგრა მათ მიხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია”. ესე სთქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია, ნარგისთათ იბრძვის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია.

1440. მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ჰნახეს, რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს; დადუმდეს და მოახსენეს: “რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს, თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს, რასათვისმცა ივაგლახეს!

1441. “ვინ ღირსა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა! თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა”. კვლავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა: “ნუ რად იქმ გამწარებასა, ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!”

1442. ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყვის დიდსა სიმძიმილსა; მათ შეასხეს ქება, უთხრეს: “მივსცნეთ თავნი აწ ღიმილსა, რადგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა, აღარა ვტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა”.

1443. მივიდეს, სადა ქალაქი, დიდი მულღაზანზარია; სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია, დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია, მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.

1444. შუკათა მოდგნეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია, შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია. მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია, მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.

1445. გადაჰხდეს ფრიდონისასა, სრა ჰნახეს მოსაწონები. გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები, ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები, თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან.

1446. მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული, წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული; ავთანდილისთვის — ყვითელი და შავი ერთგან რეული; მოვიდეს, დასხდეს, – მჭვრეტელი ვცან მათი სულ-დალეული.

1447. მგოსანნი მოჰსდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა; ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა, ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა; ნესტან-დარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა.

1448. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არალქატისა, ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა, კვლავ ერთი თვალი სამსგავსო მზისა შუქ-მონამატისა, მას წინა ღამით ძალ-ედვას მხატვარსა ხატვა ხატისა.

1449. კვლავ უძღვნა თვითო ფარღული,გარდასაყრელი ყელისა, მრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა; კვლავ მოაქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა, ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა.

1450. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა. ავთანდილს უძღვნა .ყველაი არა სიტყვითა წბილითა: აივსო სახლი სტვირითა და ოქსინოთა ლბილითა, ტარიელ მადლი უბრძანა, ლაღმან სიტყვითა ტკბილითა.

1451. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა; ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღვენსა მზასა; დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა, აჰა, მიხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.

1452. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე ერთ სიტყვები გულისა: “არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა, არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა, მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.

1453. “ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება, აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება: შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ქმნას ამისი ცხადება, ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება.

1454. “უთხრა: “ძმაო, რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირნახულსა! ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა! თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა, არა ვჰნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.