... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

95. მეფე გაწყრა გაგულისდა: მონანიცა შეუზახნა჻ მან მდევართა მიწევნამდის: არ უჭურიტა არცა ნახნა჻ რაზომნიცა მიეწივნეს: ყოვლნი მკუდართა დაასახნა჻ კაცნი კაცსა შემოსტყორცნა: როსტან ამად ივაგლახნა჻

96. შესხდეს მეფე და ავთანდილ: მის ყმისა მისაწეველად჻ იგი ლაღი და უკადრი: მივა ტანისა მრხეველად჻ ტაიჭი მიუქს მერანსა: მიეფინების მზე ველად჻ შეიგნა მისვლა მეფისა: მისად უკანა მდეველად჻

97. რა ცნა მეფე მოვიდაო: ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა჻ მასვე წამსა დაიკარგა: არ უნახავს თვალსა ჩვენსა჻ ჰგუანდა ქვესკნელს ჩანაძრომსა: ანუ ზეცად ანაფრენსა჻ ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს: კუალსა მისგან წანარბენსა჻

98. კვალი ძებნეს და უკვირდათ: ვერ პოვნა ნაკუალევისა჻ აგრე კუალ წმიდად წაჴდომა კაცისა: ვითა დევისა჻ ლაშქარნი მკუდართა ტიროდეს: სწრაფა აქუთ წყლულთა ხვევისა჻ მეფემან ბრძანა ვნახეო: მიზეზი ლხინთა ლევისა჻

99. ბრძანა ღ~თსა მოეწყინა: აქანამდის ჩემი შვება჻ ამად მიყო სიამისა: სიმწარითა დანაღვლება჻ სიკუდილამდის დამაწყლულა: ვერვის ძალუცს განკურნება჻ მასვე მადლი ესე იყო: წადილი და მისი ნება჻

100. ესე თქუა და შემობრუნდა: დაღრეჯილი წამოვიდა჻ აღარცა ჰკრა ასპარეზსა: ვამი ვამსა მოურთვიდა჻ ყუელაკაი მოიშალა: სადაცა ვინ მჴეცთა სრვიდა჻ ზოგთა თქუეს თუ მართალია: ზოგი ღ~თო უზრახვიდა჻

101. მეფე საწოლს შემოვიდა: სევდიანი დაღრეჯილი჻ მისგან კიდე არვინ შეჰყვა: ავთანდილ უჩნს ვითა შვილი჻ ყველაკაი გაიყარა: ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი჻ გაბედითდა სიხარული: ჩაღანა და ჩანგი ტკბილი჻

102. თინათინს ესმა მამისა: აგეთი დაღრეჯილობა჻ ადგა და კარსა მივიდა: ჰქონდა მზისაცა ცილობა჻ მოლარე იხმო უბრძანა: ძილია თუ ღვიძილობა჻ მან მოახსენა დაღრეჯით: ზის სჭირსო ფერ შეცვლილობა჻

103. ერთიღა ახლავს ავთანდილ: წინაშე უზის სკამითა჻ უცხო ყმა ვინმე უნახავს: ასრე დაღრეჯით ამითა჻ თინათინ ბრძანა აწ წავალ: შესლვა არს ჩემგან ჟამითა჻ მიკითხოს ჰკადრე იყო თქო: აქა ერთისა წამითა჻

104. ხანი გამოჰხდა იკითხა: ნეტარ რასა იქს ქალიო჻ ჩემი ლხინი და ჯავარი: ჩემი სოფლისა წყალიო჻ მოლარე ჰკადრებს მოვიდა: აწაღა ფერ ნამკრთალიო჻ დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა: წინაშე მამავალიო჻

105. უბრძანა თუ წადი უჴმე: უმისობა ვით გავძლეო჻ მოახსენე რად დაბრუნდი: შენ მამისა სიცოცხლეო჻ მოდი ჭმუნვა გამიქარვე: გულსა წყლულსა მეწამლეო჻ გითხრა ჩემი სამიზეზო: მე თუ ლხინთა რად დავლეო჻

106. თინათინ ადგა მივიდა: მიჰყვა მამისა ნებასა჻ უგავს პირისა სინათლე: მთვარისა მოვანებასა჻ მამამან გვერდსა დაისვა: აკოცა ნება ნებასა჻ უბრძანა მახლავ რად არა: რად მელი მოყვანებასა჻

107. ქალმან ჰკადრა ჴელმწიფეო: დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს჻ ვინცა გნახა კადნიერად: რაზომ გინდა ამაყობდეს჻ თქვენი აგრე დაღრეჯანი: მნათობთაცა დაამხობდეს჻ კაცმან საქმე მოიგვაროს: ვეჭუ ჭმუნვასა ესე სჯობდეს჻

108. უბრძანა შვილო რაზომცა: მჭირს საქმე სავაგლახია჻ შენი ჭვრეტა და სიცოცხლე: ლხინადვე დამისახია჻ მამაქარვები სევდისა: მართ ვითა მუფარახია჻ ვეჭუ რა სცნა შენცა მამართლო: ჩემი სულთქმა და ახია჻

109. უცხოსა და საკუირველსა: ყმასა რასმე გარდვეკიდე჻ მისმან შუქმან გაანათლა: სამყარო და ჴმელთა კიდე჻ რა უმძიმდა არ ვიცოდი: ან ტიროდა ვისთვის კიდე჻ ჩემად ნახვად არ მოვიდა: გავგულისდი წავეკიდე჻

110. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა: თვალთა ცრემლნი მოიჴოცა჻ შესაპყრობლად შევუზახენ: სპანი სრულად დამიჴოცა჻ ვითა ეშმა დამეკარგა: არ კაცურად გარდამკოცა჻ ჯერთცა ესე არა ვიცი: ცხადი იყო თუ მეოცა჻

111. ტკბილნი მისნი წყალობანი: ბოლოდ ასრე გამემწარნეს჻ დამავიწყდა რაცა დღენი: მხიარულსა წამეარნეს჻ ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს: ვეღარავინ მინეტარნეს჻ სადამდისცა დღენი მესხნეს: ვეღარამან გამახარნეს჻

112. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ: მე სიტყვასა დანაყბედსა჻ ჰე მეფეო რად ემდურვი: ანუ ღ~თსა ანუ ბედსა჻ რად დასწამებ სიმწარესა: ყოველთათვის ტკბილად მხედსა჻ ბოროტიმცა რად შეექმნა: კეთილისა შემოქმედსა჻

113. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ: მეფეთა ზედა მფლობელი჻ შორს არის თქვენი სამზღვარი: ბრძანება მიუთხრობელი჻ გაგზავნე კაცი ყოველგან: მისთა ამბავთა მცნობელი჻ ადრე სცნობთ არის იგი ყმა: შობილი თუ უშობელი჻

114. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს: ოთხთავე ცისა კიდეთა჻ უბრძანეს წადით პატიჟთა: თავიმცა რად დარიდეთა჻ მონახეთ ძებნეთ იგი ყმა: სხვად ნურად მოიცლიდეთა჻ მისწერეთ წიგნი სადაცა: ვერ მისწუდეთ ვერ მიხვიდეთა჻