... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

56. დღე ერთ გარდახდა პურობა: სმა ჭამა იყო ლხილობა჻ ნადიმად მჯდომთა ლაშქართა: მუნ დიდი შემოყრილობა჻ მეფემან თავი დაჰკიდა: და ჰქონდა დაღრეჯილობა჻ ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო: შექმნეს ამისი ცილობა჻

57. თავსა ზის პირ მზე ავთანდილ: მჭვრეტთაგან მოსანდომია჻ სპათა სპასპეტი ჩაუქი: ვითა ვეფხი და ლომია჻ ვაზირი ბერი სოგრატი: თვით მასთანავე მჯდომია჻ თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა: ანუ რად ფერი ჰკრთომია჻

58. თქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე: გონებასა ჩავარდნილა჻ თვარა აქა სამძიმარი: მათი ყოლა არა ქნილა჻ ავთანდილ თქვა სოგრატ ვჰკითხოთ: გვითხრას რაცა შეგვეცილა჻ ვჰკადროთ რამე სალაღობო: რასათვისმცა გაგვაწბილა჻

59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ: ტანითა მით კენარითა჻ თვითო აივსეს ჭიქები: მივლენ ქცევითა წყნარითა჻ წინა მიუსხდეს მუჴლ მოყრით: პირითა მოცინარითა჻ ვაზირი ლაღობს ენითა: წყლიანად მოუბნარითა჻

60. დაგიღრეჯია მეფეო: აღარ გიცინის პირიო჻ მართალ ხარ წაჴდა საჭურჭლე: თქვენი მძიმე და ძვირიო჻ ყველასა გასცემს ასული: თქვენი საბოძვარ ჴშირიო჻ ყოლამცა მეფედ ნუ დასვი: თავსა რად უგდე ჭირიო჻

61. რა მეფემან მოისმინა: გაცინებით შემოხედნა჻ გაუკვირდა ვით მკადრაო: ან სიტყვანი ვით გაბედნა჻ კარგა ჰქმენო დაუმადლა: ბრძანებანი უიმედნა჻ ჩემი ძრახვა სიძუნწისა: ტყუვის ვინცა დაიყბედნა჻

62. ეგე არ მიმძიმს ვაზირო: ესეა რომე მწყენია჻ სიბერე მახლავს დავლიე: სიყმაწვილისა დღენია჻ კაცი არ არის სითკენცა: საბრძენებელი ჩვენია჻ რომე მას ჩემგან ესწავლნეს: სამამაცონი ზნენია჻

63. ერთაი მიზის ასული: ნაზარდი სათუთობითა჻ ღმ~თმან არ მომცა ყმა შვილი: ვარ საწუთროსა თმობითა჻ ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად: ანუ კულავ ბურთობითა჻ ცოტასა შემწევს ავთანდილ: ჩემგანვე განაზარდობითა჻

64. ყმა მეფისა ბრძანებასა: ლაღი წყნარად მოისმენდა჻ თავ მოდრეკით გაიღიმნა: გაცინება დაუშვენდა჻ თეთრთა კბილთათ გამომაკრთალთა: შუქსა ველთა მოაფენდა჻ მეფე ჰკითხავს რას იცინი: ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა჻

65. კულავ უბრძანა თავსა ჩემსა: რას იცინი რას დამგმეო჻ ყმამან ჰკადრა მოგახსენებ: და ფარმანი მიბოძეო჻ რაცა გკადრო არ გეწყინოს: არ გარისხდე არ გასწყრეო჻ არ გამჴადო კადნიერად: არ ამიკლო ამაზეო჻

66. უბრძანა რამცა ვიწყინე: თქმა შენგან საწყინარისა჻ ფიცა მზე თინათინისა: მის მზისა მოწუნარისა჻ ავთანდილ იტყვის დავიწყო: კადრება საუბარისა჻ ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა: თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა჻

67. მიწაცა თქვენი ავთანდილ: თქვენს წინა მშვილდოსანია჻ ნაძლევი დავდვათ მოვასხნეთ: მოწმად თქვენივე სპანია჻ მოასპარეზედ ვინ მგავსო: ცუდიღა უკუთქმანია჻ გარდამწყვეტელი მისიცა: ბურთი და მაედანია჻

68. მე არ შეგარჩენ თქვენ ჩემსა: მაგისსა დაცილებასა჻ ბრძანე ვისროლოთ ნუ იქო: შედრეკილობა კლებასა჻ კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ: მოწმად ჩვენთანა ხლებასა჻ მერმე გამოჩნდეს მოედანს: ვისძი უთხრობდენ ქებასა჻

69. ავთანდილცა დამორჩილდა: საუბარი გარდაწყვიდეს჻ იცინობდეს ყმაწვილობდეს: საყვარლად და კარგად ზმიდეს჻ ნაძლევიცა გააჩინეს: ამა პირსა დაასკვნიდეს჻ ვინცა იყოს უარესი: თავ შიშველი სამ დღე ვლიდეს჻

70. კულავ ბრძანეს მონა თორმეტი: შევსხათ ჩვენთანა მარებლად჻ თორმეტი ჩემად ისრისა: მომრთმევლად მოსახმარებლად჻ ერთაი შენი შერმადინ: არს მათად დასადარებლად჻ ნასროლ ნაკრავსა სთვალვიდენ: უტყუვრად მიუმცდარებლად჻

71. მონადირეთა უბრძანა: მინდორნი მოიარენით჻ დასცევით ჯოგი მრავალი: თავნი ამისთვის არენით჻ ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: მოდით და მოიჯარენით჻ გაყარეს სმა და ნადიმი: მუნ ამაოდ გავიხარენით჻

72. დილასა ადრე მოვიდა: იგი ნაზარდი სოსანი჻ ძოწეულითა მოსილი: პირად ბროლ ბალახჩოსანი჻ თავს ოქრო რიდე ეხვია: შვენოდა ქარქაშოსანი჻ მეფესა გასლვად აწვევდა: მოდგა თეთრ ტაიჭოსანი჻

73. შეეკაზმა მეფე შეჯდა: ნადირობას გამოვიდეს჻ მგრგულივ მინდორსა მოსდგომოდეს: ალყად გარე შემოჰკროდეს჻ ზეიმი და ზარი იყო: სპანი ველთა დაჰფარვიდეს჻ ნაძლევისა მათისათვის: ისროდეს და ერთგან სრვიდეს჻

74. უბრძანა მონა თორმეტი: მოდით ჩვენთანა ვლიდითა჻ მშვილდსა ფიცხელსა მოგუცემდით: ისარსა მოგვართმიდითა჻ ნაკრავსა შეადარებდით: ნასროლსა დასთვალვიდითა჻ დაიწყო მოსულა ნადირმან: ყოვლთა მინდორთა კიდითა჻

75. მოვიდა ჯოგი ნადირთა: ანგარიშ მიუწთომელი჻ ირემი თხა და კანჯარი: ქურციკი მაღლა მხლტომელი჻ მას პატრონ ყმანი გაუხდეს: ჭრეტადმცა სჯობდა რომელი჻ აჰა მშვილდი და ისარი: და მკლავი დაუშრომელი჻