ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

1451. გზანი დახუდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხურელსა, ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთუარე გველსა, მუზარადი მოეჴადა, შვენის აკრვა თმასა ლელსა, მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.

1452. ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნენ; ამას გვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნენ. მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდენ და შუქნი არნეს, აქანამდის ჭირ ნახულთა ამას იქით გაიხარნენ.

1453. მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ გარდაჭდობილნი. კულა შეეწებნეს ხშირ ხშირად ვარდნი ბაგეთა პობილნი. აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი, მას მზესა მისცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ჴმობილნი.

1454. მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა, აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა, მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა, ორნივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა.

1455. ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს, მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოკითხეს; არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს, თავნი მათნი გაალომნეს, მათი მბრძოლნი იშვლეს ითხეს.

1456. სამასისა კაცისაგან ას სამოცი შეჰყოლოდა; ფრიდონს უმძიმს მისთა სპათა, მაგრა ცალ კერძ უხაროდა; მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა, რომე ჰპოვეს საჭურჭლენი, აწმცა თუალვით ვით ითქმოდა!

1457. მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით ჰპოვეს მალები; სამი ათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თუალები, თუალი ყუელაი დათლილი, იაგუნდი და ლალები, იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.

1458. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია, წამოიყვანეს იგი მზე, მათიღა წაგურა ძნელია; ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს, თუცა გზა მუნით გრძელია, თქუეს: “ფატმან ვნახოთ, მუქაფა გუაც მისი გარდუჴდელია”.

ტარიელისგან ზღვათა მეფისას მისლვა

1459. ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი, შესთუალა: “მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მპობელი; ქაჯეთით მამყავს ჩემი მზე, ჩემი ლახუართა მსობელი; მწადიან, გნახნე პატივით, ვითა მამა და მშობელი.

1460. “აწ მე მაქუს ქაჯთა ქუეყანა და მათი დანადებია; მეფეო, კარგი ყუელაი მე თქუენგან წამკიდებია; ფატმანს უჴსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია, ამისად ნაცვლად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია.

1461. “მოდი, გუნახენ, გავიარდეთ ქუეყანასა შენსა ვირე, სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღუნი, ჩემგან შეიწირე, კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე, მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.

1462. “თქუენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა, გამოგზავნოს, იამების ნახვა მისი ჴსნილსა მისსა; მისგან კიდე ინატრიდა ჭურეტასამცა სხუად ღა ვისსა, ვინ მზესაცა უნათლეა, არსე ვითა ბროლი ფისსა!”

1463. რა კაცი ტარიელისი ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, – წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა – მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა, მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხუისა ღა მჴმობელსა.

1464. ბარგი აჰკიდა, გააგო ქნა ქორწილისა მათისა, მას მიაქუს, რიცხვი ტურფათა, არ სიდიადე სათისა; ფატმან ჰყავს თანა, იარეს სავალი დღისა ათისა; უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ჴმელთა მნათისა.

1465. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა, გარდაჴდეს, მდაბლად აკოცეს, გარესწყდეს ჯარსა სპათასა; შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა; ქალი რა ნახეს, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ ბაკმათასა.

1466. ფატმან ხათუნს, მისსა მჭურეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი, მოეხვია, გარდუკოცნა ჴელი, ფერჴი, პირი, ყელი; იტყუის: “ღმერთო, რა გმსახურო, გამინათლე რადგან ბნელი! ვსცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია შენი გრძელი”.

1467. ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყუის, არ გამწყრალი: “ღმერთმან გული გამინათლა გახეთქილი, გაცამზრალი, აწ აგრე ვარ, გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი, მზემან შუქნი შემომადგა, ვარდი მით ვჩან არ დამზრალი”.

1468. ზღვათა მეფე გარდაიჴდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა. ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა; უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა, პერპერასა დაფანტულსა ზედან სცვეთენ ვითა ჴიდსა.

1469. მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა; ტარიელს უძღვნა გუირგუინი, ვერ დანადები ფასისა, იაგუნდისა მრთელისა, ყუითლისა, მეტად ხასისა, კულა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.