ვეფხისტყაოსანი, 1875 წ.

1320. ფატმან, უსენ და მონანი სტირან ცრემლითა ცხელითა; იტყვიან: “მზეო, რა გვიყავ? დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა, რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა? დაცაგვმარხეო ხელითა ჩვენისა დამმარხველითა!”

XLI. ავთანდილისაგან გულანშაროთ წასლვა და ტარიელის შეყრა.

1321. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა, პირ-მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა; მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა, ხელ-განპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.

1322. მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა, ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა საროს ტანისა; სულთქვნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.

1323. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცვარითა; ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა; უბრძანა: “გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად შემხედვარითა, მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა.”

1324. რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი; ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი, უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი; სადაცა ჰნახის, დაჰხოცის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი.

1325. ქვაბნი გამოჩნდა, ეამა, იცნა, სთქვა: “იგი კლდენია, სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია; ღირს-ვარმცა, ვნახო პირის-პირ, უამბო რაცა მსმენია; არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა, ცუდ ჩემი განავლენია!

1326. თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაჰზმიდა, მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა; სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო,” იგონებდა, იხედვიდა; ესე თქვა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა.

1327. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა, მართ სახელ-დებით უყივის ხმითა მით სიხარულითა; ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა: შამბისა პირსა ტარიელ დგას ხრმლითა მომახულითა.

1328. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა; შამბისა პირსა ქვეითი დგა, - ცხენი არა ხლებოდა- ყივილი ავთანდილისა ესმოდა, ეოცებოდა; შეჰხედნა, იცნა, გაიქცა, მისკე მირბოდა, ხლდებოდა.

1329. ხრმალი გასტყორცა ტარიელ, მიჰმართა მისსა ძმობილსა; ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა; მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა; ხმა შაქრის-ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა.

1330. ტარიელ მოჰსთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები, სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები, ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები – რადგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მევ რვები!”

1331. ტარიელ სტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა; გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა; ეტყოდა: “ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა, აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა.”

1332. ტარიელ უთხრა: “ჰე, ძმაო, კმარის, დღეს რაცა მლხენია, ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, ნახვა შენია; სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია: კაცმანმცა სოფელს ვით ჰპოვა, რაც არა საქმე ზენია!”

1333. რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა, მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა, გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა, რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.

1334. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან, პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან, სულნი გაიქცნეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან, მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან.

1335. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე-მდებარესა; შეფრინდა, შველად მიჰმართა მას, ტკბილად მოუბარესა; ვერა, ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა; მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.

1336. ავთანდილ დაჯდა ტირილად, სტირს ხმითა შვენიერითა, ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა; გახეთქა ლალი, გათლილი ანდამატისა კვერითა, მუნით წყარონი გამოჰხდეს, ძოწსა ვამზგავსე ფერითა.

1337. პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა; “რაცა ვქმენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა; წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა! ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა,

1338. „მე მოვკალ ჩემი მოყვარე, რა მმართებს გაწბილებულსა? თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა! ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა; თქმულა: “სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!”