ვეფხისტყაოსანი, 1875 წ.

1244. გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი; სთქვა: “ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი, ყოფილი, მყოფი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი; წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარდმომფენელი!

1245. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა, ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა; ყმა ნამუსსა ინახევდა, სიყვარულსა იფერებდა; ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

1246. მას ღამეს ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა; ყმა უნდო-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა, ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა, გული მხეც-ქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა.

1247. ავთანდილ მალვით ცრემლსა წვავს დენად სისხლ-ნართავისად, შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად; იტყვის, თუ: “მნახეთ, მიჯნურნო,იგი, ვინ ვარდია ვისად; უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!”

1248. მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია; გიშრისა ტევრი აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია; ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია, _ თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

1249. გათენდა, ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები; დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები, მრავალი ფერი სუნნელი, ტურფა პერანგი, წმიდები, „რაც გეწადოსო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები.“

1250. ავთანდილ სთქვა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!” სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა; მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა, მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.

1251. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად; ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად; ფატმან ჰნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად; შემოსცინა: “აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად”.

1252. ფატმან მისსა შვენებასა მეტის-მეტად ჰკვირდებოდა, მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა; “შეეტყვების, არ მიცნობსო,“ რა რეგვნადა, რაგვარ ჰხმობდა, თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გავიდოდა.

1253. პური ჰსჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა, ღვინო-სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა; საღამო-ჟამს გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა; ფატმან უხმო: “მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა.”

1254. ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა; იტყოდა: “მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო, ხისა!” გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა; ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.

1255. ავთანდილ ბრძანა: “ჰე ფატმან, ვიცი ეს საქმე, შენია, დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ-ნაკბენია, მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია, ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.

1256. „გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა; მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა, თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა. მაქვს პატრონობა მრავალი საჭურჭლე-ზარადხანისა.

1257. „შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი, მათ უვისთ ერთი ასული, მზე ხმელთა მანათობელი, იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი, მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.

1258. „რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად, მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად; მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად, გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად.”

1259. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა, ამბავი ტარიელისა, შემოსვა ვეფხის ტყავისა; უბრძანა: შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა, ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებ ნაფუშავისა.

1260. „მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მისსა რგებასა, ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა, ვინცა სცნობს კაცი, ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა, ნუთუ კვლა მიჰხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.

1261. „მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნო იგივე მონა გრძნეული, ქალსა ვაცნობოთ ყველაი ამბავი, ჩვენგან ცნეული; მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული, ღმერთმან ჰქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული.”

1262. ფატმან სთქვა: “ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო რანი, დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!” მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი, უბრძანა: “ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი.

1263. „აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა, ფიცხლად დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა, მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა;” მან უთხრა: “ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა.”