ვეფხისტყაოსანი, 1875 წ.

1224. „კვლავ ვკითხეთ: “გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა, ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?” მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა, რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!

1225. „არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი, არა არ გვითხრა, ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი; ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა, კუშტი, თავისა მკრძალავი, ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.

1226. „როშაქ გვიბრძანა: “ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია, ამისა საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია; ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია; მით, რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.

1227. „ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუცდია, მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია, თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია; პირველ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია.”

1228. „მივამოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით; დავბრუნდით, ქაჯეთს მივმართეთ, მას წინა მოვეკიდენით; არცა რა ვკადრეთ ხელ-და-ხელ, არცა თუ წავეკიდენით, იგი სტირს, ღაწვსა გულ-მდუღრად ჩაჰრცხის ცრემლისა კი დენით.

1229. მე როშაქს ვჰკადრე: “გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი; აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი, მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი; თანა წავიტან, წაცავალ მე მათი ზედა მსწრებელი”.

1230. „მათ კაცთა დიდად ეამა ესე ამბავი მონისა, მე გავიგონე, შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა, მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა, ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა.

1231. „მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა; ვკითხე: “მითხარ, რას იტყოდი? გაგონება მეცა მინა?” მან იგივე კვლავ მიამბო, რაცა მუნით მომესმინა; ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულ-მობრძავი დამარჩინა.

1232. „მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა: უჩინოდ მივლენ, წამოვლენ მათითა ხელოვნებითა: მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: “ნუ დასდგებითა, მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა.”

1233. „სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა: “მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა, ვერვის შეუდგმან საჭვრეტად თვალნი, მართ ვითა მზისადა, ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა.“

1234. „როსანს შევრთოთო, დულარდუხტს, მეფესა უბრძანებია – ჯერ ქორწინებად არა მცალს აწ გული ცეცხლ-ნადებია, შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია,” ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.

1235. ყოვლნი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია. მით, რომე გზა საჭიროა, მტერნი საომრად მზანია; ქვე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია, დაეყოვნების: წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.

1236. „ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია: ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია, მას კლდესა შიგან გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია, მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.

1237. „გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები, ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები; ქალაქის კართა სამთავე სამ-ათას სამ-ათასები. გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და, გლახ, რას ები!”

1238. ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგრა ვადამან, რა მოისმინა, იამა, სხვად არა გააცხადა მან, შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან: “ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმან-ღა დამან!”

1239. ფატმანს უთხრა: “საყვარელო, კმა ხარ ჩემთვის სასურველად, მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ-ბნელად, მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად, ქაჯი ყველა უხორცოა, რამან შეჰქმნა ხორციელად?

1240. „მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა, მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქნევენ, მიკვირს ქალსა?” ფატმან უთხრა: “მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა, არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა.

1241. „ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი; კაცნი, გრძნებისა მცოდნენი, ზედა გახელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნებნი, იგი ვერვისგან ვნებულნი; მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

1242. „იქმენ რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ, ქართა აღსძვრენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ, ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ, სწადდეს, დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს– ბნელსა ანათობენ.

1243. „ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი, თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი, ავთანდილ მადლი უბრძანა: “ცეცხლნი დამივსენ ცხელანი, დიდად მეამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი.”