ვეფხისტყაოსანი, 1875 წ.

1378. უთხრეს: “ჯერთ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია, მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია;“ მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია: “ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია.”

1379. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა, აბანოს ჰბანა, აავსნა შესამოსლისა ძღნობითა, დაჰმოსნა ტურფა-ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა, თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.

1380. უთხრა თუ: “ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა, - ჰგავს, მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა, ვითა ხელისა- მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა: თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.

1381. „დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა? კარგნი გვინდა და ცოტანი; სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი; ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი; მას ადრე ვპოებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა მოტანი.

1382. „ქაჯეთს ერთხელ კვლაც ვყოფილვარ, ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების; ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების; თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების; მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების.”

1383. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა, მუნ დააგდეს ქალი ასმათ; ფრიდონ მისცემს საჩუქარსა, თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა, ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.

1384. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა: ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა, ფრიდონ სთქვა: “ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა; აქათგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა.”

1385. ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ზმნიდიან, რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლად ვლიდიან, მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან; გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.

1386. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია, მათ ლომთა ჰნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია; თქვეს: „ვითათბიროთ, ვითა სჯობს, აწ გამორჩევა ძნელია; ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.”

XLIII. თათბირი ფრიდონისა, ავთანდილისა და ტარიელისა, ქაჯეთის ციხის აღებაზედ.

1387. ფრიდონ სთქვა: “ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცდარია: ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია; პირს-პირ ომი არ ძალ-გვიც, არ-ჟამი საკვეხარია, ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.

1388. ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან, მასწავლნეს მათი საქმენი, მახლტუნებდიან, მწვრთიდიან; ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან; ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.

1389. აწ ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორცა საგდებელისა, მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა, მას ზედა გავლა ასრე მიჩს, ვითა გარბენა ველისა, თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.

1390. „აბჯრითა გავლა არად მიჩს ჭირად გატანა ფარისა, შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა, ლაშქართა დავხოც, გავახვამ, _ ჰნახოთ გაღება კარისა _ თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა.”

1391. ავთანდილ უთხრა: “ჰე, ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან; ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან; სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახ-ივიან, მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო-ახლო ჰყივიან!

1392. „რა გახვიოდე, გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება, გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება; წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება; ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვქმნათ თავის ტერება;

1393. „ჰსჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა, - ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა- სავაჭროდა შევეკაზმვი, ვიქმ საქმესა მე მუხთალსა, ერთსა ჯორსა გარდავკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხმალსა.

1394. „სამთავე შესვლა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები, მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები, მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები, ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები.

1395. „შიგნითა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად, თქვენ გარეთ კართა ეცემით ყოველნი, მსგავსად გმირისად; კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, ჰნახოთ გაღება კარისად, თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ჰბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად.”

1396. ტარიელ უთხრა: “მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა, თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა; ვიცი, გწადთ ომი ფიცხელი, არ ცუდი ხმალთა ღირობა, კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ჰქმნას გაჭირობა.