ვეფხისტყაოსანი, 1875 წ.

1205. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია: მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია, არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია; ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.

1206. იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს, რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს.” კვლავ იტყვის ფატმან ტირილით, კვლა თვალთა ცრემლი სდენოდეს: „წახდესო შუქი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს.”

XXXVI. ამბავი ნესტან დარეჯანის ქაჯთაგან შეპყრობისა, ფატმანისაგან მბობა ავთანდილთან.

1207. ვაი, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე, შენი ვერავინ ვერა სცნას, შენი სიმუხთლე სად არე; პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე? მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი, სად არე!

1208. ფატმან იტყვის: “მომეშორა მზე, მნათობი სრულად ხმელთა, სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა; მასუკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა, ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა!

1209. სახლი და შვილი მომძულდა, ვჯდი უგულოთა გულითა, მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის რულითა; უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა, ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

1210. დღესა ერთსა, საღამო-ჟამ, ჩასლვა იყო ოდეს მზისა, წავდეგ წინა დარაჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა; ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა; ვთქვი: „კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა!“

1211. მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყვსითა სამითა, მონა, მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა; სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა; ჰსმიდეს, სჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარული ამითა.

1212. მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი; სთქვეს: ”ამოდ გავიხარენით, მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით, არც-არა ვიცით, ვინ ვინ ა, ანუ სით მოვიარენით; ხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით.”

1213. მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია; მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმა დაგითესია; ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია:

1214. მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა; მათ მიჰხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა: მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა; აწ შვილთა მისთა და მისი ჰზრდის, უკეთესი მშობლისა.

1215. დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია; ვისაც არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია; აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის, მორჭმული წოდია.

1216. „გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა, შეიჭირვებდეს ვეზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა, _ ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა? როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრ-ათასისა.

1217. „როშაქ ჰბრძანა: ”მოცავინმკლავს, მე ტირილსა არ დავხვდები, მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები, შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები; მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წაცავყვები.

1218. „გვითხრა მისთა ხელისათა: “წავალ, თანა წამომყევით!” წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით. დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით; დია ქარავანი ვლეწეთ, ლარი ჩვენკე გარდმოვდევით.

1219. „მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა, დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა; ვთქვით თუ, მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა! დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

1220. „ზოგთა სთქვეს, არის ცისკარი; ზოგთა სთქვეს, არის მთვარეო; მას დარაზმულთა მივმართე,- ახლოსაც ვნახეთ ბარეო - შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო; მით ნათლიდაღმა გამოჰხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.

1221. „გვითხრა: “ვინ ხართ ცხენოსანნო! თქვენ სახელნი თქვენი სთქვენით; გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით! ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით, პირ-მზე რიმე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

1222. „ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა; მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა; ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა; კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა.

1223. „კვლა ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა, არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა; როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა; აღარ გავუშვით, დაჭირვა ვკადრეთ ხელითა ჩვენითა.