ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

1375. პირსა იხოკს, ღაწუთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭურეტსა: “რაცა ვქენო, არ უქნია არცა შმაგსა, არცა რეტსა; წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა! ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.

1376. “მე მოვკალ ჩემი მოყუარე, რა მმართებს გაწბილებულსა? თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა! ცრუ კაცი კარგად ვერა იქს საქმესა გაძნელებულსა, თქმულა: “სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა””.

1377. უცნობო ქმნილი ტარიელ ძეს მგზავსად ნატუსალისად ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად, მან ჰპოვა სისხლი ლომისა, მოაქუს სავსებლად ალისად, მკერდსა დაასხა, გავეჴდა ლაჟუარდი ფერად ლალისად.

1378. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა; ტარიელ შეჰკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა, თუალნი აახუნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა, ლურჯად ჩანს შუქი მთუარისა, მზისაგან შუქ ნამკრთალისა.

1379. ზამთარი ვარდთა დააჴმობს, ფურცელნი შთამოსცვივიან, ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან, მაგრა მაზედა ბულბულნი ტურფასა ჴმასა ყივიან, სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან.

1380. აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია, ჭირსა და ლხინსა ორზედან მართ ვითა ხელია, მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია. იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისა მტერია!

1381. ტარიელ ნახა ნაწერი კულაცა მკულელისა მისისა; იკითხავს, თუცა აშეთებს კითხუა წიგნისა მისისა; დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა, ავთანდილ ადგა, დაუწყო, თხრობა სიტყუისა მქისისა.

1382. იტყუის თუ: “ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწაულილისად, აწ რად ღა გუმართებს ტირილი ჴამს, დავსხდეთ ქნად ღიმილისად; ადეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წაჴდომილისად! ადრე მიგიყუან, მიყუანა არს შენგან მონდომილი სად.

1383. “ვითა გუმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ, მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ, ჴრმალნი ჩუენნი ვიწინამძღურეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ, უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ”.

1384. მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა. შეხედნის, თუალნი აახუნის, შავ თეთრი ელვა ჰკრთებოდა, მართ ვითა ლალსა მზისაგან, მას ფერი ეზარდებოდა; ვინ ღირსა, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა!

1385. ავთანდილს მადლი უბრძანა, ქნა უყო საუბარისა: “მე შენი ქება ვითა ვთქუა, ბრძენთაგან საქებარისა! ვითა ზე მთისა წყარომან, მორწყე ყუავილი ბარისა, დამწყუიტე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა.

1386. “მე ვერ გარდვიჴდი ნაცვალსა, ღმერთი გარდიჴდის ციერი, ზეგარდმოთ მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემაგიერი!” შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი; აწ გავეაძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი.

1387. ქუაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არ ბარგოსანი. შეხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი, ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი, მაშინვე იცნა, აჭრაა მოშლილი, პერანგოსანი.

1388. აქამდის მიწყივ ენახა ქუაბს მისლვა მოტირალისა, აწ გაუკუირდა დანახვა სიცილით მომღერალისა. ზარ აღებული ავარდა, ცნობა უც, ვითა მთურალისა, არ იცის სმენა ამბისა ჯერთ მისგან სასურვალისა.

1389. მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით; “ჰე, ასმათო, მოგუივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით: ვჰპოვეთ მთუარე დაკარგული, რაცა გუწადდა, იგი ვქენით; აწ გავჴედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით!”

1390. ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა ასმათის მოსახვევლად; მან მიჰყო ჴელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხევლად, ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქუეველად: “რა სცან, რა ჰქენო, მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად”.

1391. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა, ალვისა შტო დამჭნარისა, მთუარისა ფერ მიჴდილისა; უთხრა თუ: “ნახე ნაწერი მის პატიჟ გარდაჴდილისა; მზე მოგუეახლა, მოგუეცა ჩუენ მოშორვება ჩრდილისა”.

1392. ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა, გაჰკუირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა, ტერფით თხემამდის გაუჴდა მას მეტი საკუირველობა; იტყუის: “ რა ვნახე, რა მესმის? არსმცა ამისი მრთელობა?!”

1393. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია; ლხინი მოგუეცა, მოგუშორდა ყოველი ჭირი ძნელია, მზე მოგუეახლა, უკუნი ჩუენთჳს აღარა ბნელია, ბოროტსა სძლია კეთილმან, – არსება მისი გრძელია!”

1394. ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა; ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა; ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აბკურებდა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუცა კაცი შეიგებდა.