ვეფხისტყაოსანი, 1975 წ.

1142. «რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის ვუთხრა სულიერსა, არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა». მერე ვუთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა: «მოდი, მომყევ, აქა სადმე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა».

1143. ,,ადგა, ამყვა და წავედით, შევვლენით კარნი სრისანი. უსენ გაჰკვირდა, გა-ცა-კრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი; თქვა: «რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი?! თუ ხორციელი არისმცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!».

1144. ,,ვთქვი, თუ: «არცა რა მე ვიცი ამისი ხორციელობა, რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა; მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა, ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ქმნას დიდი ლმობიერობა».

1145. ,,მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა; ვჰკადრეთ, თუ: «მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა, გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა? რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მსგავსი ლალისა?».

1146. ,,რაცა ვჰკითხეთ, არა ვიცი, ესმა, ანუ არ ისმენდა: ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა; გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შე-რა-შენდა, მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რათმცა გაგვითენდა!

1147. ,,ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა: ვეფხი-ავაზა პირ-ქუშად ზის, წყრომა ვერ ვუგრძენითა. კვლაცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა, «არა ვიციო, მიმიშვით!», ეს ოდენ გვითხრა ენითა.

1148. ,,დავსხედით და მის თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ, რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევაწამეთ! ძლივ ვიაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ, ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.

1149. ,,უსენ იტყვის: «ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს; ესე ღაწვნი მზისად კმარან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს! უმართლეა, ვერ-მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს, მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიხოცნეს!».

1150. ,,მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით. შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით. ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით, გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.

1151. ,,რა გამოხდა ხანი რამე, გამოვიდა ღამე-დღენი, უსენ მითხრა: «არ მინახავს ძოღანდითგან მეფე ჩვენი. მივაზირებ, წავალ, ვნახავ, ვუდარბაზო, ვუძღვნა ძღვენი». მოვახსენე: «დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!».

1152. ,,უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თვალები. დავვედრე: «დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები; ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები». კვლა შემომფიცა: «არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხრმალები!».

1153. ,,უსენ მივიდა, ხელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი, უსენ, არიფი მეფისა, მეფეცა მისი მნდომელი, წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი, აწ ნახო მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსწრობელი.

1154. ,,რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი, კვლა შესვეს და კვლა აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი. დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი! მართლად თქმულა: «არა მართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი».

1155. ,,უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთრვალსა: «დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა, მარგალიტსა დიდროანსა, უმსგავსოსა ჰპოვებ ლალსა? ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა».

1156. ,,თაყვანის- სცა უსენ, ჰკადრა: «ჰე მაღალო ხელმწიფეო, ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენალო არსთა, მზეო! რაცა სხვა მაქვს, ვისი არის ოქრო თუნდა საჭურჭლეო? დედის მუცლით რა გამომყვა? მბოძებია თქვენგან მეო.

1157. «ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა; სხვა რამე მითქს სარძლო თქვენი, შესართავი თქვენის ძისა; მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ნახოთ მსგავსი მზისა, მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა».

1158. ,,რას ვაგრძელებდე! გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა, უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა. მეფესა მეტად ეამა, მიეცა ლხინი გულისა, უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულ-ქმნა უსენის თქმულისა.

1159. ,,მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია. შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია, თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია, მოვიდეს; დია გავჰკვირდი, ვთქვი: «რამე საქმე ზესია».

1160. ,,მისალამეს, «ფატმან».,– მითხრეს,– «ბრძანებაა ღმრთისა სწორთა: დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მსგავსი მზეთა ორთა, აწ მოგვგვარე, წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა». ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.

1161. ,,მე გაკვირვებით კვლა ვჰკითხე: «რა ქალი გინდა, რომელი?». მათ მითხრეს: «უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი». არას მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი, ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.