ვეფხისტყაოსანი, 1975 წ.

წიგნი ნესტან - დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი

1279. აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდა ვის ალი! დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი, ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი

1280. ,,ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები, ტანი კალმად მაქვს, კალამი– ნაღველსა ამონაწები, მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები, გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!

1281. ,,ხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია! რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია. ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია; უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია!

1282. ,,ხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან? ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან, ნეტარ რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან! გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.

1283. ,,შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე; ჩემი მეთქვა: გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე; აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე, ჩემი ყველა აქამდის ჭირი ლხინსა შევაწონე.

1284. ,,შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად, გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად. მომიგონებდე, გახსოვდე მე, შენთვის დაკარგული სად; ვზი მზრდელი სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად.

1285. ,,სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების: ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების. ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების! აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.

1286. ,, აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა, არ დასჯერდა ბედი ჩემი მას პატიჟთა მრავალ-გვართა; კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა, ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!

1287. ,, ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან, გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან, დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან, მათთა შემბმელთა დახოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

1288. ,, ნუთუ ესენი გეგონნეს სხვათა მებრძოლთა წესითა?! ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა; შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა; მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა.

1289. ,,შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა; ჩემი სთქვა: სხვათა მიხვდაო იგი ალვისა ტანითა. არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა. ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.

1290. ,, შენმან მზემან, უშენოსა არვის მიხვდეს მთვარე შენი, შენმან მზემან ვერვის მიხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი; აქა თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი, სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.

1291. ,,ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნა სოფლისა შრომასა, ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა; მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივხვდე მას ჩემსა ნდომასა, დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.

1292. ,,მზე უშენოდ ვერ იქმნების, რათგან შენ ხარ მისი წილი, განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი! მუნა გნახო, მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი, თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი!

1293. ,,მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა, მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა; მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა; ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო,ჩემსა სიყვარულსა!

1294. ,,წადი, ინდოეთს მიმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აღუპყრობელსა, გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა, მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა.

1295. ,,რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად; ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად. შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად, ვირე ცოცხალ ვარ, გეყოფი სატირლად და სატკივარად.

1296. ,,აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა, გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა, ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა, რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა.”

1297. ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი, რა დაწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი. თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა ფერი, ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი.