ვეფხისტყაოსანი, 1975 წ.

1027. ,,უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი; განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი; ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ყმანი. ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.

1028. ,,თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი! მეკობრისა ნავისანი, სისხლნი ნახნეთ მონაღვარნი.”

1029. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა. მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა; ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.

1030. კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა, აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა; ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე კრთებოდა, კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, სხვით არათ არ მოსტყდებოდა

1031. ძელი მოსტყდა და ავთანდილ, დარჩა ნავ-დაულეწელი; შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი; ვეღარ გარდესწრნეს, გარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი; არ დარჩა კაცი ცოცხალი, მუნ მისგან დაუფრეწელი.

1032. მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ხოცდა, ვითა თხასა; ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა; ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა; დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.

1033. გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა. ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: ,,ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!.” არ დახოცნა, დაიმონნა, დარჩომოდა რაცა წყლულსა. მართლად იტყვის მოციქული: «შიში შეიქმს სიყვარულსა».

1034. კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი! არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი! დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი, ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.

1035. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა, ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა. უსამ ნახა მხიარული,– გაეხარნეს, არ იახნა, ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.

1036. ავთანდილის მაქებელად ათასიმცა ენა უნდა; ვერცა მათ თქვეს, ნაომრობა, რაგვარ ტურფად დაუშვენდა; ქარავანმან იზრიალა, თქვეს: ,,უფალო, მადლი შენდა! მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა.”

1037. მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა; ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა: მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა, ,,შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა.”

1038. ყმამან უთხრა: ,,მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა, ვისგან ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა, იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა; ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.

1039. ,,ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი. მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვქმენი? აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულენ, რაცა ვთქვენი; ნავი სრულად საქონლითა მიმიღია, ვითა ძღვენი.”

1040. ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს, ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა-ხლებოდეს, მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს, შვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს.

1041. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს, მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს! მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს; დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს.

1042. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა: ,,შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენცა გვაქვს ამის ზრდილობა; რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა, რასაცა მოგვცეთ, გვიბოძე; გვიქმნია აქა ყრილობა.”

1043. ყმამან შესთვალა: ,,ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია, ღმერთსა შეესმა, ნაკადი, რაცა თქვენ თვალთა გდენია, მან დაგარჩინნა, მე რა ვარ? მე, გლახ, რა მომილხენია! რა გინდა მომცეთ, რას ვაქნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!

1044. ,,მე თუცა რამცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი, ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი; რას ვაქნევ თქვენსა, რას გინდა? ოდენ ვარ თანა-მხლებელი, სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი.

1045. ,,აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი; რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი, ერთსა ვიაჯი, მიაჯეთ სააჯო არ-საკრძალავი; საქმე რამე მიც თქვენშიგან თავისა დასამალავი.

1046. ,,ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა; თვით თავადია ჩვენი თქვა, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა. მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა; თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა.”